ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა გუგეშაშვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი განცხადებით, ჩანაწერი რამდენიმე ფრაგმენტისგან შედგება და ერთ-ერთ მათგანში ნიკა მელია სავარაუდოდ ნიკა გვარამიას ესაუბრება. მისივე ინფორმაციით, ჩანაწერის გავრცელების უკან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი და თავმჯდომარეობის კანდიდატის - ლევან ხაბეიშვილის მეგობარი ჯაბა წულაძე დგას.
"რამდენიმე ჩანაწერია, გადაკერილ-გადმოკერილია. მთავარი ის არის, რომ აქ ჩანს ნიკა და ნიკა ალბათ უნდა იყოს გვარამია. ეს ჩანაწერი დაახლოებით თვენახევარია ერთ-ერთი კანდიდატის შეხვედრებზე დაჰქონდათ, ასმენინებდნენ. ფაქტია, რომ ლევან ხაბეიშვილის შეხვედრებზე ასმენინებდნენ.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს და ჯაბა წულაძეს, მე თვითონ მინახავს Facebook-ზე ელაპარაკებოდნენ, რაღაცეებს გეგმავდნენ," - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა "კურიერთან".
საკითხთან დაკავშირებით, "კურიერთან" თავად ნიკა მელიამ საუბარი არ ისურვა და შეკითხვებს არ უპასუხა.
"არ ვაკეთებ თქვენთან კომენტარს" - განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.
თუმცა მედიასთან საუბრობენ ნიკა მელიას მხარდამჭერები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, მან იცოდა, რომ ჩანაწერები არსებობდა და ისიც, რომ გარკვეული პირები ამ ჩანაწერებს დაატარებდნენ, თუმცა გასაჯაროება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ბაჩო დოლიძე ჩანაწერების გავრცელებას ვანო მერაბიშვილს უკავშირებს.
"აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მქონდა ინფორმაცია. ის ინფორმაციაც მქონდა, თუ ვინ ავრცელებდა ამ ყველაფერს. მე პირდაპირ ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილის გარემოცვაა, ვინც ამ ყველაფერს ავრცელებდნენ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ლევან ხაბეიშვილი, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი მის ფრთას წარმოადგენს. უფლებას ვიტოვებ შევაფასო ის მეთოდები, რომელიც არის გამოყენებული ამ კამპანიის დროს," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.