პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა.
"დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნისა და ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული სულისკვეთებისა და უნიკალური კულტურის გამოხატულება - ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ.
დღევანდელ დღემდე მოსასვლელად ჩვენმა ხალხმა დიდი შრომა გასწია და გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და უკეთესი ხვალინდელი დღის შენებას.
სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი," - აღნიშნავს პრემიერი.