პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" თბილისის საკრებულოში ლიფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 3 პუნქტიან გეგმას დაარეგისტრირებს. ნინო წულაძის განცხადებით, თბილისის მერიამ უნდა შეისწავლოს ლიფტების მდგომარეობა, შეიმუშაოს სისტემა, რომლის მიხედვითაც კერძო-საჯარო პარტნიორობის საფუძველზე, შემოიყვანს ინვესტორს, რომელიც ლიფტების რეაბილიტაციის სანაცვლოდ, მათ მართვასა და სარგებლობაში გადააბარებს.
"თბილისის მერიამ უნდა განახორციელოს შესწავლა თბილისის ფარგლებში არსებული ლიფტების მდგომარეობის და შექმნას სრულყოფილი ბაზა, რომელშიც განათავსებს ამ ინფორმაციას, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია თავის კორპუსში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბოლოს როდის მოხდა ლიფტების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე პუნქტი: ქალაქ თბილისის მერიამ უნდა შეიმუშავოს სისტემა, რომლის საფუძველზეც შემოიყვანს ინვესტორს და ეს ინვესტორი ლიფტების რეაბილიტაციის სანაცვლოდ მართვასა და გამგეობაში გადაიბარებს მათ," - აცხადებს პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე.
საკითხს გამოეხმაურნენ საკრებულოს უმრავლესობაში.
"შემიძლია ვთქვა, რომ მან არ იცის ეს სფერო, რაზე ლაპარაკობს იმიტომ, რომ სულ ცოტა როცა ეს თემა დაძრა ორ კანონში მაინც უნდა იყო გარკვეული. ძნელად წარმომიდგენია, უნდა წავიკითხო რა წერია. რას ნიშნავს ინვესტორის შემოყვანა? საერთოდ აბსურდთან მივყავართ ამას. ევროპაში, ამერიკაში არ არსებობს საცხოვრებელი სახლი, რომელიც არ არის ამხანაგობის რაღაცა ფორმით. თუ ეს ადამიანი, ჩვენი კოლეგა, დაგვირიგებს ფრაქციას მაჟორიტარებს, მე აუცილებლად გავეცნობი რაზეა ლაპარაკი," - აცხადებს თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე.