14 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ჩვენს ქვეყანაში არავინ იღებს ლიფტებზე პასუხისმგებლობას, წესით ამ საკითხზე თბილისის საკრებულოში უნდა მსჯელობდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ შოუებს აწყობენ - ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისში, ვაზისუბანში დატრიალებული ტრაგედიისას დაღუპული ცოლ-ქმრის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს და დედაქალაქში შექმნილ ქაოტურ მდგომარეობას ეხმაურება: 

"გავაგრძელებთ ცხოვრებას, მომავალში კი სხვა დადგება სასიკვდილო საფრთხის ქვეშ. ჩვენს ქვეყანაში არავინ იღებს ლიფტებზე პასუხისმგებლობას, არ არსებობს ვინმე, ვინც იტყვის, რომელი ლიფტია უსაფრთხო და რომელი საფრთხის შემცველი, თუ ლიფტი გაჩერდება და აღარ მუშაობს, მხოლოდ მაშინ მოდის ვიღაც მის შესაკეთებლად, მაგრამ რამდენად ხარისხიანად აკეთებს, ეგ კიდევ სხვა საკითხია. ეს თემა, ფაქტობრივად, ჰაერშია გამოკიდებული. ახლა წესით ამ საკითხზე თბილისის საკრებულოში უნდა მსჯელობდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ შოუებს აწყობენ,"-ამბობს ელისაშვილი, 

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, თვითმმართველობის საკითხზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თვითმმართველობის სისტემა ძალიან მაგარი ჩანასახი იყო, მათ შორის ძლიერი ელემენტი იყო კორპუსის ამხანაგობები, ეზოების ამხანაგობები, რასაც სჭირდებოდა განვითარება, მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამხანაგობა და მისი თავმჯდომარე აქცია კოორდინატორად, რასაც ძალიან წარმატებულად იყენებს "ქართული ოცნებაც".

"ამხანაგობას, როგორც თვითმმართველობის ერთეულს თუ გააძლიერებ, ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემ, რომ თავისი სივრცე თვითონვე მართოს, უფლებამოსილებას გაუზრდი, ეს იქნება არაჩვეულებრივი და მაშინ ეს ამხანაგობა თავად იქნება მთლიანად პასუხისმგებელი ყველაფერზე. ამის დელეგირება უნდა მოახდინო, მაგრამ მთავრობა ამ ამხანაგობას და მის თავმჯდომარეს უყურებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, არჩევნებზე რომ ქალები სხედან, ზუსტად ისინი არიან იმ ამხანაგობის ხალხი. რაღაც ნაწილს დაუნიშნეს ხელფასები და კოორდინატორებად ამუშავებენ. სინამდვილეში ეს ხალხი მარტო იმით უნდა იყოს დაკავებული, როგორ მოაწყოს საკუთარი ეზო. ახლა უკვე ისე უნდა იყოს შეგნება გაზრდილი, რომ უბანში ყველა ამხანაგობის თავმჯდომარე უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ იზრუნოს ამაზე, მაგრამ მათ შეზღუდული აქვთ ეს უფლება,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილმა. 

დეპუტატის ამბობს, რომ ლიფტების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე დღეს პასუხისმგებელი არავინაა, მისი აზრით მთავრობის მხრიდან ამხანაგობისთვის დელეგირება უნდა მომხდარიყო, თავმჯდომარეებისთვის კი უფლებამოსილება გაზრდილიყო, რადგან მისი თქმით, სწორედ ის იქნებოდა პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი, ახლა კი ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული.

"საკრებულოში რომ ვიყავი, ლიფტებთან დაკავშირებით ვსვამდით საკითხს და ეს უნდა გაგრძელდეს, რადგან ჩვენთან ურემი რომ გადაბრუნდება, მაინც არაფერი ეშველება ხოლმე საქმეს. ვხედავთ, როგორ უპასუხისმგებლობას ავლენს თბილისის მერია, ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ "გრინ სერვისი" კიდევ ორ ტენდერში მონაწილეობს და ვითომც არაფერი არ ხდება. რომ დავუბრუნდეთ ლიფტებს, თბილისის მერიაში მუშაობდა ლიფტების სამმართველო, მერე იყო კომპანია "თბილლიფტი", რომელმაც დაიწყო მომსახურება და გახადა ლიფტები ფასიანი. მაგრამ ამ კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება ლიფტების ნაწილზე, და არა ყველაზე, არის სრული ქაოსი, ათასნაირი ლიფტი მოქმედებს, მათ შორისაა ძველი საბჭოთა ლიფტები, რომელსაც მოდერნიზება სჭირდება, მაგრამ ვინ ზრუნავს მათ რეაბილიტაციაზე?! ექსპლუატაციაზე ვინ არის პასუხისმგებელი?! ახალი ლიფტები რომ კეთდება, რამდენად ხარისხიანია?! ვინმე ამოწმებს?! რეალურად რა საფრთხეებიც გვაქვს, მედიაში ამაზე არავინ საუბრობს,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ამასთან, ელისაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ ტელევიზიაში თბილისის მერიის წარმომადგენელთან ერთად ამ საკითხზე იკამათოს და იმსჯელოს თუ რა გამოცდილებებია ამასთან დაკავშირებით და რომელია სწორი.

დღის ამბები