არჩევნებამდე 2 კვირით ადრე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" დაპირისპირება მწვავდება. ამჯერად, უთანხმოების მიზეზი ამომრჩეველთა რეგისტრაციაა. პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს.
მუმლაძის თქმით, მხარდამჭერებს დარეგისტრირების ნაწილში პრობლემა ექმნებათ, ხარვეზმა კი გააჩინა ეჭვები, მათ შორის, არჩევნების ნდობის თვალსაზრისით.
""ნაციონალური მოძრაობის" მმართველი მენეჯმენტი, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია ამ ხარვეზებზე და არაეფექტურ საარჩევნო პროცესის წარმართვაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენს ძალიან ბევრ მხარდამჭერს შეექმნათ უნდობლობა პროცესის მიმართ და თუ სამშაბათსაც ვერ აღმოიფხვრება, ეს დააყენებს პროცესის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ.
ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა შეინარჩუნა, არ დათმო ამ საარჩევნოდ და მან თქვა, რომ ამ პარტიას სჭირდებოდა მართვა, თუნდაც არჩევნების პროცესის წარმართვის ნაწილში. ამიტომ მისი პასუხისმგებლობაა, ის არის მოქმედი თავმჯდომარე,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე.
ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ირწმუნება, რომ არჩევნების მიღმა "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი ამომრჩეველი არ დარჩება.
"დარჩენილია კიდევ ორი კვირა რეგისტრაციისთვის. აბსოლუტურად ყველა დარეგისტრირდება. ტყუილად ცდილობენ ჩვენი მეგობრები ვნებათაღელვის შემოტანას ამ საკითხში.
შეიძლება დღეს არსებობდეს მცირედი ტექნიკური ხარვეზი, რომელიც აღმოიფხვრება. არცერთი ადამიანი, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი არ დარჩება არჩევნების მიღმა,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე.