ლევან ხაბეიშვილის განცხადებას რევოლუციური ცვლილებების შესახებ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებას სხვა დღის წესრიგი აქვს, ვიდრე ხაბეიშვილ-მერაბიშვილს.
"გასაგებია, რომ მერაბიშვილი აქ პოლიტიკურ პროცესებში ვერ მიიღებდა მონაწილეობას და წარმატება წარმოუდგენელია, ამიტომ, ბუნებრივია, მათ რევოლუციებზე ექნებათ სიზმრები. საქართველოს საზოგადოებას სხვა დღის წესრიგი აქვს, ვიდრე ხაბეიშვილ-მერაბიშვილის ტანდემს.
29-ში ვნახავთ, რომ ვიღაც ცნობს ამ არჩევნებს, ვიღაც არ ცნობს, მერე ერთმანეთს დაერევიან, ვიღაც გაემიჯნება, ვიღაც დაგმობს ამ არჩევნებს, შემდეგ შეიძლება დასჭირდეთ საერთო შეთანხმების მიღწევა, რომელსაც ვერ მიაღწევენ," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია." როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის პროცესის პარალელურად ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ის "ქართველ ხალხთან და ნამდვილ ოპოზიციონერებთან" ერთად კოალიციის შექმნას გეგმავს, თუმცა მეტ დეტალს არ აკონკრეტებს.