14 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
მხოლოდ ნატოს ღია კარის პოლიტიკა აღარ არის აქტუალური - პოლიტიკური განცხადებები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე

დავოსის წლევანდელმა ეკონომიკურმა ფორუმმა მუშაობა დილიდან დაიწყო. გაიმართა საინტერესო საპანელო დისკუსია სახელწოდებით - "ევროპის გადასარჩენად", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა. საუბრის ძირითადი თემა იყო უკრაინა და ხაზი გაესვა იმ ფაქტს რომ ახლა საჭიროა მეტი და უფრო მძლავრი სამხედრო შეიარაღების გადაცემა უკრაინისთვის. საუბარი იყო "ლეოპარდ 2"-ზე, ტანკებზე და დიდი მოლოდინია რომ სწორედ დავოსში, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სწორედ ამ თემაზე გააკეთებს განცხადებას თავისი გამოსვლის დროს.

ანჯეი დუდამ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები იქნებოდა.

"ეს სიტუაცია აბსურდია. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომიდან 70 წლის შემდეგ ცენტრალურ ევროპაში გვექნებოდა სრულმასშტაბიანი ომი. ეს სასაცილოა. ძალიან ძნელი დასაჯერებელი იყო, როდესაც მივიღეთ საიდუმლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსალოდნელი იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა უკრაინაში. უკრაინა კი, ალბათ, გაუძლებდა არაუმეტეს 72 საათისა. მახსოვს, ვითვლიდი ათასობით რუსულ სამხედრო შენაერთსა და ჯარისკაცს. შესაძლებელია? თუ გაითვალისწინებთ რუსეთის სამხედრო ძალების საერთო რაოდენობას. და თან გაქვთ ინფორმაცია, რომ პუტინი თავისი სამხედრო ძალების გარკვეულ ნაწილს უკრაინის გარშემო აგროვებს. 160,000; 170,000 - საკმარისია მთელი უკრაინის დასაპყრობად? ეს არის პოლონეთზე ორჯერ დიდი ქვეყანა. ძალიან მიხარია, რომ უკრაინელები ასეთი მამაცები არიან," - ამბობს დუდა.

გიტანას ნაუსედა კი ამბობს, რომ არსებული დახმარება უკრაინისთვის საკმარისი არ არის და დიდი იმედი აქვს, რომ  ლიეტუვაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე იქნება უფრო მკვეთრი და მკაფიო გზავნილები უკრაინის მიმართ. 

"ველი, რომ ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნატო-ს სამიტზე, რომელიც ივლისში ვილნიუსში გაიმართება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინები, რომ ეს სამიტი იქნება არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოებისთვის , არამედ უკრაინის უსაფრთხოებისთვის მიძღვნილი სამიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიპოვით გარკვეულ ფორმულებს ან ალგორითმებს უკრაინასთან დაკავშირებით, რომ უფრო ახლოს იყოს ინტეგრირებული ნატოსთან. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ განვიხილავთ უკრაინის სრულუფლებიან წევრობას ნატო-ში, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ახალი გამოხატულებები ან წინადადებები. უბრალოდ იმედს ვაძლევთ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, ყოველ ჯერზე გავიმეორებთ იმას, რაც უკვე ვთქვით ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს, კარი ღიაა. ეს აღარ არის საკმარისი. ეს მესიჯი ძალიან მკაფიოდ მივიღეთ - გთხოვთ, ნუ გვეტყვით, რომ კარი ღიაა, რადგან ვერ ვპოულობთ ამ კარს. მე მჯერა, რომ უკრაინის გაწევრიანება შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში. ჩვენი მტკიცე სურვილია უკრაინისთვის ამ სტატუსის მინიჭება, როგორც ჩვენ გავაკეთეთ ევროკავშირში, მხედველობაში მაქვს უკრაინის კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ეს დიდად იქნება დამოკიდებული უკრაინის წარმატებაზე ამ ომში," - განაცხადა ნაუსედამ.

დღის ამბები