ევროპარლამენტარები სტრასბურგში უკრაინის კრიზისს და მის შედეგებს განიხილავენ. ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი, რომლებმაც დეკემბერში ევროკავშირის ბოლო სამიტზე გააკეთეს აქცენტი. ევროპული საბჭოს ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირმა რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს და თან სწრაფად. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირმა რუსულ გაზზე უარის თქმა შეძლო და ახლა ევროპული გაერთიანების მთავარი მიზანი მომდევნო ზამთრისთვის მომზადება უნდა გახდეს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირმა უნდა დაანახოს საკუთარ მოქალაქეებს რომ გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია.
"მამაცი უკრაინელები გადარჩენისთვის იბრძვიან. ჩვენ აუცილებელია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ეს უნდა გავაკეთოთ ახლა და თან სწრაფად. ჩვენ უკრაინას ფინანსურ დახმარებასაც ვუწევთ. გამოვყავით 18 მილიარდი ევროს მაკრო ფინანსური დახმარება, იმისთვის რომ უკრაინამ შეძლოს მკაცრი ზამთარი გადაიტანოს. ევროპის მოქალაქეებმა იციან, რომ უკრაინის მხარდაჭერით მშვიდობას და დემოკრატიას ეხმარებიან. თქვენ იცით რომ ევროკავშირი და ამერიკა ახლო მოკავშირეები ვართ, თუმცა მოკავშირეებს შორისაც შეიძლება განსხვავებული აზრი იყოს. იმედი მაქვს შტატებთან პროდუქტიულ შედეგებზე გავალთ. ვფიქრობ სამართლიანი იქნება თუ ევროპული კომპანიები ისეთივე პოზიციაში თუ იქნებიან ამერიკასთან მიმართებით როგორც კანადელები და მექსიკელები. მაგრამ ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი ამერიკელების ნებას. ჩვენ უნდა ვანახოთ ევროპელ მოქალაქეებს რომ გამოწვევასთან გამკლავება შეგვიძლია," - აცხადებს შარლ მიშელი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეცდომა იყო, რომელიც ევროკავშირმა გამოასწორა.
"წელიწადზე ნაკლებ დროში უარი ვთქვით რუსულ ქვანახშირზე, ნავთობსა და გაზზე. როცა პუტინმა გადაწყვიტა ევროპისთვის 80 პროცენტით გზის მიწოდება შეეწყვიტა, ჩვენ შევძელით გავმკლავებოდით რუსეთის შანტაჟს. რუსეთზე დამოკიდებულება ჩვენი სტრატეგიული შეცდომა იყო, ჩვენ ეს შეცდომა გამოვასწორეთ და თავიც გავითავისუფლეთ. ეს ყველაფერი არის ერთიანობისა კოლექტიური შრომის შედეგი, რომლითაც უნდა ვიამაყოთ. თუმცა აუცილებელია შემდეგი ზამთრისთვისაც მოვემზადოთ , რაზეც უკვე მუშაობს ევროკავშირი," - ამბობს ფონ დერ ლაიენი.