14 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების სტატუსის შესახებ მოხსენება მოამზადა

"საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" ევროკავშირის 12რეკომენდაციის შესრულების სტატუსის შესახებ მოხსენება მოამზადა. კვლევა საექსპერტო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინეს. გრასის შუალედური მოხსენება ასახავს ნაბიჯებს, თუ როგორ ასრულებს საქართველო იმ 12 მოთხოვნას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოაყენა.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, "დრო ჯერ არის, მაგრამ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით პრობლემებია". 

საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მომზადდა შუალედური დასკვნა, თუ როგორ ასრულებს საქართველო იმ 12 მოთხოვნას, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

"მოვამზადეთ შუალედური დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს საქართველო იმ 12 მოთხოვნას, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის დეპოლარიზაცია, როგორიც არის მედიის მდგომარეობა, როგორიც არის დეოლიგარქიზაცია, პროგრესი არ არის. სხვა მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმას, რომელიც ეხება ინსტიტუციურ რეფორმებს, გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება ეს მოთხოვნები," - აცხადებს სერგი კაპანაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ  გეგმის უდიდესი ნაწილი შესრულებულია, თუმცა რამდენიმე პუნქტი შესასრულებელი რჩება. 

"დღეისათვის, ამ გეგმის უდიდესი ნაწილი შესრულებული არის. რამდენიმე პუნქტი შესასრულებელი რჩება. ნაწილი ამ პუნქტების, იმიტომ რომ ოპოზიცია დესტრუქციულად ცდილობს, რომ პროცესი ჩაშალოს, აქ საუბარი გვაქვს სახალხო დამცველის არჩევაზე, საუბარი გვაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებს, ამ კონტექსტთან მიმართებაში ჩვენ მოგეხსენებათ, რომ გაგზავნილი გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო პროექტები ვენეციის კომისიაში ექსპერტული დასკვნისთვის და ვართ დამოკიდებული იმაზე, ვენეციის კომისია როდის წარმოგვიდგენს ამ დასკვნებს,“ - აცხადებს  გივი მიქანაძე.

დღის ამბები