მოქალაქეს, რომლის მიმართაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან შესაძლო დანაშაულია ჩადენილი, დაცვის სპეციალური პროგრამა დაიცავს. პოტენციურ დაზარალებულს, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს პირადი დაცვით, დროებით შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი ან გამოიყენოს უსაფრთხოების სხვა ღონისძიება. ახალი მექანიზმი სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში დღეიდან ამუშავდა. მიზანი, მსხვერპლისთვის გარანტიის შექმნაა, რომ მოძალადის მხილების შემთხვევაში მას საფრთხე არ დაემუქრება. სიახლის შესახებ ინფორმაცია უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ თანამშრომლებს გააცნო.
გამომძიებელი ვალდებული ხდება მსხვერპლს დაცვის სერვისი შესთავაზოს, თუმცა დაზარალებულის თანხმობა აუცილებელია. პროგრამის ამოქმედებამდე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეკომენდაციების მისაღებად კონსულტაციები მესამე სექტორთან, ექსპერტებსა და ომბუდსმენის ოფისთან ჰქონდა. სპეციალისტების შეფასებით, მსხვერპლთა დაცვის ახალი მექანიზმი სამსახურის მიმართ ნდობას გაზრდის და უსაფრთხოების რისკებს დააზღვევს.
დოკუმენტის შემუშავებას წინ უძღოდა "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებიც, რის შედეგადაც სამსახური უფლებამოსილი გახდა დაცვის უზრუნველყოფისთვის პროკურატურას მიმართოს.
დაცვის პროგრამა, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეიდან დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში უკვე წლებია მოქმედებს.