14 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
არიან თუ არა ალიანსში ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე - ენმ-ში, შიდაპარტიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის

შიდაპარტიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ ფაზაში გადადის. მელიასა და ხაბეიშვილის ორ ფრთას შორის ისევ ურთიერთბრალდებები ისმის.

დიმიტრი შაშკინმა, რომელიც ხაბეიშვილის მხარდამჭერია, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ნიკა მელია ალიანსში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

თავად ნიკა მელიამ, რომელიც დღეს ბუბა კიკაბიძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ ისურვა.

"პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ აქ და ახლა," - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

ნიკა მელიას მხარდამჭერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ შიდაპარტიული არჩევნების ფონზე ემოციებმა იმატა და ზოგიერთი თანაპარტიელი ლაფის სროლაზე გადავიდა.

"იმდენი სისულელე და ჭორებია ამ წინასაარჩევნო პერიოდში, რომ კომენტირებაც კი არ ღირს...

სრული სისულელეა, ყველა ოპოზიციური პარტია თანამშრომლობდა ამ არჩევნების პერიოდში და იქნება თანამშრომლობა მომავალ არჩევნებშიც ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ეს იქნება "ლელო", "ევროპული საქართველო" თუ ნებისმიერი...

ადამიანებს მოსდით შეცდომები ამ არჩევნების მაღალი ემოციური ფონის გამო, სამწუხაროდ. რა ლაფსაც ზოგიერთები ერთმანეთს ესვრიან, ესეც ჩამოირეცხება, თუმცა სასიამოვნო არ არის. ისე ჩამოსარეცხად არ უნდა გაიხადოს არავინ საქმე," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი შაშკინის განცხადებებს ჭორაობას და სიზმრებს უწოდებენ "ლელოში." ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს. 

"ეს ფსიქიკის დარგი უფრო არის, ვიდრე სხვა რაიმე სერიოზული. სისულელე სრული. არ ვიცი შაშკინს უნდა, რაღაც სიზმრები აქვს. არ ვიცი რას ემსახურება, ეს არის ჭორიკნობა, რაღაც სიზმრების მოყოლა. 

ჩვენ არანაირ თანამშრომლობაზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ახლა ვფიქრობთ "ლელოს" გაძლიერებაზე, შესაბამისად, ეს არის ჩვენი საზრუნავი" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები