მმართველ გუნდში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თუ რაიმე პროცედურა იქნა დარღვეული, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის დადგენილება, რაც სასამართლომ მიიღო :
"მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ სფეროში გამოყენებული ის ასპექტი, რომ თითქოს მაჩალიკაშვილების ოჯახი და კონკრეტული პიროვნება სახელმწიფოს მიერ იქნა ტერორიზირებული და სიცოცხლე იქნა ამ ადამიანისთვის წართმეული უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ, იქ არაფერ შუაში არ იყო, არც იმ ტერორისტულ ჯგუფთან ურთიერთობა, ეს ვერ დადასტურდებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ თავადაც მოვისმინეთ გარკვეული მტკიცებულებები.
მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყველანი, რა პოლიტიკურ არენაზეც, ბარიერის რომელ მხარესაც არ უნდა ვიდგეთ, განვიცდით ოჯახის ტრაგედიას და იმ ცრემლებს, რომლებიც ოჯახის ახლობლებს გააჩნიათ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
3-წლიანი განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი , თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.
სასამართლომ უარყო მომჩივნების საჩივარი არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ. სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.