14 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი დამიკავშირდა შუამავლის მეშვეობით, შემოგვთავაზეს ყველაფერი, ოღონდ გადავსულიყავით ლევან ხაბეიშვილის მხარეს - მირდატ ქამადაძე

დაპირისპირება მწვავდება "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში, სადაც ნიკა მელიას მხარდამჭერებმა ვანო მერაბიშვილს ბრალდებები წაუყენეს. ისინი აცხადებენ, რომ პარტიის წევრებს ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერას და პარტიის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელობიდან გიორგი კირთაძის ჩამოშორებას სთხოვდა.

მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ მერაბიშვილი პროცესებს კულისებიდან მართავს. მისი თქმით, ყოფილმა ძალოვანმა შუამავალი გაუგზავნა და ხაბეიშვილის სასარგებლოდ მუშაობა შესთავაზა. თუმცა ქამადაძისგან უარი მიიღო.

"მე მითხრეს, რომ აღარ უნდა ვყოფილიყავი ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როდესაც არგუმენტი ამის შესახებ ვერ მოვისმინე, ბუნებრივია, მე ამ გადაწვეტილებას არ დავთანხმდი," - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

"ვანო მერაბიშვილი დამიკავშირდა შუამავლის მეშვეობით, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანის მეშვეობით. 5-ჯერ იყო მოლაპარაკებების მცდელობა მისი მხრიდან. შემოგვთავაზეს ყველაფერი, რისი შემოთავაზებაც შეიძლება და არ შეიძლება, ოღონდ გადავსულიყავით ლევან ხაბეიშვილის მხარეს.

დელიკატური წერილი შუამავლის მეშვეობით გავუგზავნე მე მას და რადგან ვანო მერაბიშვილმა მიიღო უარი ჩვენგან ამის შემდეგ 30 თუ 31 დეკემბერს, ეს წერილი, დამახინჯებული ფორმით, ისე რომ კონტექსტი იყო დარღვეული, ბათუმში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ლევან ვარშალომიძის მიერ იქნა საჯაროდ გამოქვეყნებული, გამხმოვანებელი ელგუჯა ბაგრატიონი იყო, რითიც სცადეს ბათუმის ორგანიზაციის და გიორგი კირთაძის გაშავება.

თუ ვანო მერაბიშვილს საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს, მაშინ რატომ არის ჩარეული ამ პოლიტიკურ პროცესებში და თუ პოლიტიკა აინტერესებს და მხარს უჭერს ბატონ ხაბეიშვილს, მაშინ გამოვიდეს საჯაროდ და ამომრჩეველს დაელაპარაკოს," - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

თავის მხრივ, ელგუჯა ბაგრატიონი ადასტურებს, რომ წერილი ნამდვილად წაიკითხა, ის რაც მირდატ ქამადაძემ ვანო მერაბიშვილს მისწერა. 

დღის ამბები