აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნამდვილად არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, რეგიონი გარდაქმნან რეგიონულ, მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.
"რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, რაც ბატონმა ალიევმა ბრძანა, არის ჩვენს ინტერესებში, რომ სამმხრივი შეხვედრა შედგეს, რადგან ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია, გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონულ, მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.
ერთი რამ მინდა, ვახსენო, ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი – "ენდე, მაგრამ გადაამოწმე", ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა – "ენდე, მაგრამ ითანამშრომლე," – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.