14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
რას ითხოვს ანდრეი კასიანოვი თავდაცვის სამინისტროსგან - უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ყურადღებას კვლავ იარაღის საკითხზე ამახვილებს

"კურიერთან" განმარტებები დღეს აღარ ისურვა, თუმცა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ გუშინ ისაუბრა. უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა ყურადღება კვლავ იარაღის საკითხზე გაამახვილა, თუმცა, ახლა უკვე თქვა, რომ შესაძლებელია ამ სამხედრო ტექნიკის უკრაინისთვის როგორც გადაცემა, ასევე შესყიდვა.

"მინდა ვთქვა, ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა. მივმართეთ თხოვნით და ჩემთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოცეთ, სამედიცინო აფთიაქები, გადმოცეთ ასევე თავის დამცავი საშუალებები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ასევე საველე ჰოსპიტლები, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე მეკითხებოდნენ ქართველი კორესპონდენტები: ბატონო ანდრეი, იქნებოდა სასარგებლო "დიდგორი"?, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნით რომ გამოიყენებოდეს ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა," - განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვის განცხადება საფრთხის შემცველია "ქართული ოცნებისთვის." უმრავლესობის წევრების თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და მისი სამხედრო აღჭურვილობა მწირია, უკრაინის მხრიდან იარაღის გადაცემაზე აპელირება არასწორია.

ხელისუფლების ოპონენტები ომში მყოფი ქვეყნის მხრიდან დახმარების მოთხოვნას მეგობარი სახელმწიფოსგან ლოგიკურად მიიჩნევენ. ისინი პრობლემას საქართველოს მთავრობის კომუნიკაციაში ხედავენ, ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის სამხედრო საკითხები არა ტელე-ეთერებით და საჯაროდ, არამედ დიპლომატიურად, ორ სახელმწიფოს შორის, ისე უნდა განიხილებოდეს, რომ საქართველოსთვის შესაძლო რისკები დაზღვეული იყოს.

სამხედრო დახმარებაზე უკრაინის მხრიდან კვლავ საუბარი სახელისუფლებო გუნდისთვის ომში ჩართვის მცდელობას ნიშნავს. დედაქალაქის მერმა დღეს ის არაერთი ნაბიჯი გაიხსენა, რომელიც საქართველომ ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად, ომის დაწყების დღიდან დღემდე გადადგა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კასიანოვი საქართველოსგან უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემას ითხოვს. ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოსგან ბუკების სარაკეტო სისტემის დაბრუნება და ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობების გაგზავნა მოითხოვა.

 

დღის ამბები