14 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
10 დღე ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებამდე, ახალი დაპირისპირება და ახალი ბრალდებები - ვის გადაყენებას ითხოვდა ვანო მერაბიშვილი?

კითხვა, რომელზეც ნიკა მელიას დღეს საუბარი არ სურს, მისი და მამუკა ხაზარაძის შესაძლო შეთანხმებას ეხება. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარის და ლელოს ლიდერის პოლიტიკურ გარიგებაზე, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერმა და ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა. თქვა, რომ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა ხაზარაძემ მელიას კონკრეტული სარგებლის მიღების გარანტიით გამოუცხადა, პოლიტიკური ფასის გადახდა კი მელიას შესაძლოა საარჩევნო სიაში ლელოსთვის ადგილების დათმობით მოუწიოს. შაშკინი დღეს ტელეკამერებთან აღარ გამოჩენილა. მის პოზიციას "ნაციონალურ მოძრაობაში" შეცდომას - "ლელოში" კი ჭორაობას უწოდებენ.

საკუთარი გუნდის წევრის განცხადების დადასტურება ლევან ხაბეიშვილს გაუჭირდა. თქვა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა, თუმცა აცხადებს, რომ მელიას წინასაარჩევნო კამპანია არ ჰგავს ბრძოლას საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობისთვის.

ხაბეიშვილის განცხადებები, მისმა მთავარმა კონკურენტმა უპასუხოდ დატოვა, თუმცა საპასუხო რეაქცია ანზორ მელიასგან მიიღო, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ხაბეიშვილს - მოღალატე ღიად უწოდა. როგორც ჩანს, ანზორ მელიას მისი შვილის კონკურენტისთვის სათქმელი კიდევ აქვს, თუმცა დღეს თავი შეიკავა.

ლევან ხაბეიშვილს და მის უკან მდგომ ვანო მერაბიშვილს დღეს, ბრალდებების მოსმენა აჭარიდანაც მოუწიათ. ის, რაზეც ბათუმის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი საუბრობს მისი და სწორედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კომუნიკაციას ეხება. მირდატ ქამადაძე თქმით, ლევან ხაბეიშვილის გუნდში გადაბირებისთვის მერაბიშვილი მასთან შუამავლის მეშვეობით კონტაქტობდა. სანაცვლოდ კი სთავაზობდა ყველაფერს, უარის მიღების შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.

ქამადაძის ბრალდებას ელგუჯა ბაგრატიონი უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ წერილი, რომელიც ქამადაძემ მერაბიშვილს მისწერა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით არ გაუვრცელებია.

”ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნებამდე 10 დღე რჩება და პროცესების კულისებიდან მართვაზე საუბარი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემაც დაიწყო. კობა ნაყოფია არ უარყოფს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება დავით კეზერაშვილს სურდა. მისი ფავორიტი ხაბეიშილი კი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ნაყოფიასთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს, თუმცა მოქმედ თავმჯდომარესთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს. ვინ დარჩება პარტიაში და ვის მოუწევს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება არჩევნების შემდეგ, ეს იმის მიხედვით გაირკვევა, თუ ვინ დაიკავებს თავმჯდომარის პოსტს.

დღის ამბები