თურქული კომპანია "ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარის ებრუ ოზდემირის განცხადებით, ქვეყნებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობის დროს, კერძო სექტორისთვის უფრო მარტივი ხდება ჩართვა.
"ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრძანეს, რომ ძალიან ძლიერია თანამშრომლობა ამ ქვეყნებს შორის და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. თუ ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა არსებობს ქვეყნებს შორის, კერძო სექტორისთვის უფრო იოლი ხდება ჩართვა," - განაცხადა ებრუ ოზდემირმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.
მისივე თქმით, თურქეთი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურაში.
"ჩვენ გაკეთებული გვაქვს პორტები. ძველი პორტები გავზარდეთ, განვავითარეთ, გავაფართოეთ. წარმოუდგენლად გათანამედროვდა ჩვენი ინფრასტრუქტურა და რკინიგზაშიც ვაკეთებთ კაპიტალდაბანდებას. ყველაზე ნაკლებად განვითარებული რკინიგზაა თურქეთში. ყარსი-თბილისის პროექტი 2017 წელს დავიწყეთ და ახლა გააქტიურებულია. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანეს, პორტების მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა. რაც შეეხება თურქეთს, გზატკეცილები მზად არის, ჩანაკქალეს კვანძი გაკეთებულია და ანატოლია უკავშირდება ევროპას ამ კვანძით. ეს არის ყველაზე გრძელი ხიდი. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა," - განაცხადა ებრუ ოზდემირმა.
ებრუ ოზდემირმის განმარტებით, ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ევრაზიის შუა დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ებრუ ოზდემირის განცხადებით, თუ აშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემთხვევაში გაკეთდა, ევრაზიის შუა დერეფანსაც იგივე შეეხება.
"ჩვენ ვართ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კომპანია. ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ამ დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩაერთვებიან ამ პროექტში, მაგრამ საოპერაციო კუთხით, როცა აშენდება ეს დერეფანი, კერძო სექტორი დააკვირდება შესაძლებლობებს და ვნახავთ, რა გამოიკვეთება. ჩვენ აეროპორტები ავაშენეთ, როცა შეიქმნა ამის აუცილებლობა და მოთხოვნილება. როგორც კი საჭიროება გამოიკვეთება, ლოგისტიკური ცენტრიც იქნება, სასაწყობე მეურნეობებიც. ეს ყველაფერი იქნება კერძო სექტორის ჩართულობით. ეს რეგიონი იქნება ევროპისთვის ალტერნატიული მიმწოდებელი. ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. თურქეთის მოსახლეობა 90 მილიონია. ჩვენი მშპ ბევრ წილად გაიზრდება და კერძო სექტორისთვის შეიქმნება შესაძლებლობები, ამას აშკარად ვხედავთ. მე არ წარმოვადგენ მთავრობას, მაგრამ ვხედავ, რომ თურქეთს სწამს ამ პროექტის და ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ეს ყველა მხარისთვის მომგებიანია. ეს თანამშრომლობა სახეზეა. კარგი მეგობრობა, ეს კარგი ურთიერთობა ჩვენს რეგიონში კარგ მაგალითს შექმნის მსოფლიოსთვის. თუ შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ავაშენებთ ამ ინფრასტრუქტურას, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის – ბუნებრივი აირის მილსადენის შემთხვევაში გავაკეთეთ, რეკორდულად სწრაფად აშენდა. ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიც, ძალიან ეფექტურად აშენდა და კარგად მუშაობს. ამ დერეფანსაც იგივე შეეხება“, – განაცხადა ებრუ ოზდემირმა.
ამავდროულად, ებრუ ოზდემირის თქმით, შუა დერეფანი ლოგისტიკურ ცენტრებს, შემნახველ ობიექტებს, საწყობებს განავითარებს, რაც ხელს შეუწყობს ამ გზაზე მყოფი ქვეყნების კერძო სექტორის განვითარებას.
"ყველა ამბობს და ბატონმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრძანა, ეს არის ტრანზიტიო, მაგრამ არ არის მარტო ტრანზიტი. ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე არიან, მიიღებენ სარგებელს. ვფიქრობ, ჩვენ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი ძალიან სწრაფად ვიზრდებით და ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ეს დერეფანი ლოგისტიკურ ცენტრებს, დეპოებს, შემნახველ ობიექტებს, საწყობებს განავითარებს. ეს ყველაფერი კერძო სექტორშია. ამიტომ, ჩვენი ქვეყნების კერძო სექტორები განვითარდებიან, გაიზრდებიან. ეს არა მარტო ტრანზიტი, არამედ ბევრი სხვა ასპექტია“, – განაცხადა თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის“თავმჯდომარე ებრუ ოზდემირმა.
ამასთან, ებრუ ოზდემირმა საბაჟო და საგადასახადო საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. "14 სხვადასხვა ქვეყანაში ვმუშაობ და საბაჟო არის ყველაზე ნაკლებად განვითარებული მსოფლიოში. ამიტომ ეს ასპექტი კარგად უნდა იყოს განვითარებულო, უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად," - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ებრუ ოზდემირის თქმით, შესაძლოა, ბლოკჩეინი გახდეს ფულადი ერთეული, რომლითაც მოხდება ვაჭრობა და ახალ, თანამედროვე იდეებზე საუბრის არ უნდა შეეშინდეთ.
"კიდევ ერთი საკითხი არის ფულადი ერთეული. შეიძლება, ბლოკჩეინი გახდეს ის ფულადი ერთეული, რომლითაც მოხდება ვაჭრობა. არ უნდა შეგვეშინდეს ახალი, თანამედროვე იდეების გაჟღერების. მიმაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების მთავრობების, პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების ჩართულობით ყველაზე სწრაფად მოახდენს ამ პროექტის განხორციელებას. ამ კომპლექსურ გარემოში ჩვენ გვჭირდება ეს პროექტი," - განაცხადა ებრუ ოზდემირმა.