14 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედრილიყავით საქართველოში იმიტომ, რომ ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს პირველად გააჟღერა იმ სამმხრივი შეხვედრის დეტალები, რომლის ინიციატივაც საქართველოს პრემიერს ეკუთვნის. თბილისის შეთავაზება ასეთია - სამი ქვეყნის პირველი პირების პირისპირ შეხვედრა საქართველოში.

აზერბაიჯანი მზად არის და აფასებს საქართველოს ძალისხმევას, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის სომხეთი არ არის მზად. ამიტომ სამივე ქვეყანა ახლა უდაბნოს შუაშია.

"არ ენდო მაგრამ ითანამშრომლე". ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი - ასე განიხილავს თბილისი საკუთარ როლს ბაქოსა და ერევნის ურთიერთობაში. 

"ორი წუთი არ იქნება საკმარისი ამბის მოსაყოლად, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ. ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, რადგან სომხეთმა სამწუხაროდ არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო. ძალიან მარტივი იყო იმ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ევროკომისარმა ჰანმა ბრძანა, რომ სომხეთი გვაკლია ამ თემატურ დისკუსიაზე, სამი ქვეყანაა რეგიონში, მე ვიცი ვის გულისხმობდა, რატომ არ არის სომხეთი აქ, იმიტომ რომ ჩვენი წინადადება საქართველოსთან ერთად იყო, სამმხრივი ფორმატი დაგვეწყო და უარი თქვა ამაზე სომხეთმა. მე დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა თბილისში. მათ შეუერთდათ ქართველი კოლეგა [საგარეო საქმეთა მინისტრი]. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედრილიყავით საქართველოში, იმიტომ რომ ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში. მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად," - აცხადებს ილჰამ ალიევი.

ამის შემდეგ სამმხრივი შეხვედრის აუცილებლობაზე კომენტარი უკვე ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა და ძველი ტერმინის "ენდე მაგრამ გადაამოწმეს" - ქართული ფორმულა წარმოადგინა: 

"რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიატორი. რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, არის ნამვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ - აზერბაიჯანს საქართველოს და სომხეთს - და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ერთი საზოგადოდ ცნობილი ტერმინი - "ენდე, მაგრამ გადაამოწმე". დავოსში მოვისმინე საინტერესო ფორმულა "არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე", ასე რომ მე მჯერა თანამშრომლობის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები