14 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
გონჩარენკოს, რომელიც არის ამ ომის შემადგენელი ნაწილი და მის მეგობრებს, მოკავშირეებს საქართველოში, არ უნდათ ის მშვიდობა, ეკონომიური ზრდა და წარმატება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღწევს - დავით მათიკაშვილი

საქართველოს არ გამოუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა - გეკითხებით, აქვს თუ არა ერთი დანა ან ერთი ტყვია სიმბოლურად, რომელიც ცხადყოფს, რომ თბილისი მხარს უჭერს უკრაინას საერთო მტერთან ბრძოლაში? - ამის შესახებ განცხადება უკრაინის რადას წევრმა ალექსეი გონჩარენკომ გააკეთა. მან ერთ-ერთ ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს არის ომში. მისივე თქმით, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინა იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა მას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იარაღითაც. ახლა კი საქართველოს ხელისუფლება კიევს უარს ეუბნება ყოველგვარ იარაღზე, რაც შეცდომაა.

გონჩარენკოს განცხადებას პოლიტიკურ წრეებში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ფაქტობრივად იზიარებენ იმ პოზიციას, რომელიც რადას წევრს აქვს და მათი თქმით, საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა მეგობარ სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს - ეს ლოგიკურია.

"გონჩარენკოს განცხადება პირველი ხომ არ არის და პირველი განცხადება ხომ არ არის ეს უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან. პირდაპირ ვხედავთ ჩვენ არა მარტო უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც თუ რა პოზიციას გამოხატავს ხელისუფლება ამ შემთხვევაში. ხელისუფლება პირდაპირ ჩაბმულია რუსულ საქმეში სამწუხაროდ, ეს არავის არ უხარია და ამით არ ხარობს ოპოზიცია, არც მე, მაგრამ ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის, რასაც ქართული ხელისუფლება აკეთებს უკრაინის მიმართ,"  - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობას უფრო მეტად ხალხი გამოხატავს, ხოლო ხელისუფლება უმოქმედოა.

"პირიქით, პოლიტიკური ფლირტი აქვთ რუსეთთან. ხელისუფლებამ ქვა ესროლა უკრაინელებს," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არის სპეკულაცია და ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ მოხდეს საქართველოს წარმოჩენა მხარედ და ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი.

"გონჩარენკოს, რომელიც არის ამ ომის შემადგენელი ნაწილი და მის მეგობრებს, მოკავშირეებს საქართველოში, არ უნდათ ის მშვიდობა, ეკონომიური ზრდა და წარმატება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღწევს. მათთვის დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაინთოს ცეცხლი, გაიხსნას მეორე ფრონტი და როგორც გონჩარენკოს კიდევ ერთმა კოლეგამ ბრძანა, მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვების შეწირვა არ მოხდეს ამ ომში და სხვა ქვეყნის ქალების და ბავშვების დახოცვით თითქოს რაიმე შვება ექნება უკრაინის ომს. ეს წარმოუდგენლად ამორალური განცხადებაა," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

პარლამენტის წევრის, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" წევრის ეკა სეფაშვილის შეფასებით, გონჩარენკოს განცხადებები მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას საფრთხე შეუქმნას.

"სწორედ იმ სერიიდან არის ეს განცხადება, რომელიც გულისხმობს საქართველოში არეულობის შემოტანას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, უმრავლესობა, არასოდეს არ დაუშვებს ისეთ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად აღიქმება როგორც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა ან ამ ომში უკრაინის მხარის კონფლიქტში მონაწილე მხარედ გახდომა. შესაბამისად, მათი ეს განცხადებები არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ მოახდინოს პროვოცირება ისეთი გარკვეული ნაბიჯისა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები