საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრები დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. ხოლო, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ამ ეტაპზე, ფაქტთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
"ენით აუწერელი ტრაგედიაა, საერთოდ ბრალის არმქონე ადამიანები დაიღუპნენ. ყველას სამძიმარს ვუცხადებ. რაც შეეხება ამ ფაქტთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანას, ალბათ ჯერ ადრეა ამისთვის. მიზეზები უნდა შეფასდეს და შემდეგ გაკეთდეს გარკვეული დასკვნები,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს, ხოლო დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
"აქ ყველაზე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება და მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი ფაქტებით მანიპულირების რესურსი ნამდვილად არ არსებობს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი.
შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.