14 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ოპოზიციის წევრები საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

ოპოზიციის წევრები საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. 

"მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა და ყველა ყურადღებით უნდა ვიყოთ. მხოლოდ საუბარი მშვიდობაზე არაფერს არ გვარგებს აუცილებელია შესაბამისი მომზადებაც, ამაში ვგულისხმობ, რომ ყოფილი სამხედროების ასე ღვთის ანაბარა მიტოვება არ შეიძლება, მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი. 

მომხდარს გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

"ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ამ საშინელმა შემთხვევამ საქართველოს მოსახლეობა შეძრა. ჩემი აზრით, თუ რამე უნდა გავაკეთოთ არის, რომ შანსი უნდა მივცეთ ადამიანებს შეუიარაღებული მოძალადისგან თავი დაიცვან,"- ამბობს იაგო ხვიჩია. 

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. 

სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

დღის ამბები