უკრაინის რადას წევრის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს უკრაინისთვის არ გაუგზავნია დახმარების სახით "არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა", საქართველოში ამერიკის ელჩმა უპასუხა.
კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო მუდმივად მოუწოდებს ორივე მხარეს, საჯაროდ არ განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან ეს ძალიან სენსიტიური დროა.
"ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ. ძალიან სენსიტიური დროა, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წასართმევად. ყველა დიდ სტრესსა და ზეწოლას განიცდის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სთხოვა ყველა თავის პარტნიორს და მოკავშირეს, ნახონ, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი. ვფიქრობ, ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს იმ სენსიტიურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთია კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხი პირადად," - აცხადებს კელი დეგნანი.
"საქართველოს არ გამოუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა - გეკითხებით, აქვს თუ არა ერთი დანა ან ერთი ტყვია სიმბოლურად, რომელიც ცხადყოფს, რომ თბილისი მხარს უჭერს უკრაინას საერთო მტერთან ბრძოლაში?" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის რადას წევრმა ალექსეი გონჩარენკომ გააკეთა.
მან ერთ-ერთ ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს არის ომში. მისივე თქმით, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინა იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა მას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იარაღითაც. "ახლა კი საქართველოს ხელისუფლება კიევს უარს ეუბნება ყოველგვარ იარაღზე, რაც შეცდომაა" - ამბობს გონჩარენკო.