უკრაინის რადას წევრის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს უკრაინისთვის არ გაუგზავნია დახმარების სახით "არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა", საქართველოში შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციაში ცალსახად ამბობენ, რომ გონჩარენკოს განცხადება მიუღებელია და იარაღის გადაცემა მარტივი საქმე არ არის.
"თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საქართველო უკრაინას იარაღით უნდა ეხმარებოდეს, მე ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვიზიარებ და არც მგონია, რომ ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილი, რომელიც დღეს იმედგაცრუებულია საქართველოს პოზიციონირებით, იმიტომ არის იმედგაცრუებული, რომ იარაღს არ აწვდის საქართველო უკრაინას. ასეთი ფორმულირება კი - ერთი ტყვია და ერთი დანა - ძალიან არასერიოზულია და მე გონჩარენკოს ამ განცხადებას არ ვეთანხმები," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით კი, გონჩარენკო ოდიოზური ფიგურაა და შესაბამისად, მის განცხადებასაც არ აქვს მნიშვნელობა.
თუმცა, რაქვიაშვილი ასევე ამბობს, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც უკრაინა და საქართველო მარტივ თემებზე ვერ თანხმდებიან.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით კი, იარაღით დახმარების ნაწილში, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.
"იარაღის გადაცემა, ეს მარტივი საქმე არ არის. რას ამბობს გონჩარენკო ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი შენს პარტნიორთან როგორი ურთიერთობა გაქვს,"- ამბობს დაუშვილი.
"საქართველოს არ გამოუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა - გეკითხებით, აქვს თუ არა ერთი დანა ან ერთი ტყვია სიმბოლურად, რომელიც ცხადყოფს, რომ თბილისი მხარს უჭერს უკრაინას საერთო მტერთან ბრძოლაში?" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის რადას წევრმა ალექსეი გონჩარენკომ გააკეთა.
მან ერთ-ერთ ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს არის ომში. მისივე თქმით, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინა იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა მას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იარაღითაც. "ახლა კი საქართველოს ხელისუფლება კიევს უარს ეუბნება ყოველგვარ იარაღზე, რაც შეცდომაა" - ამბობს გონჩარენკო.