14 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
საუბარი, სიმბოლურად მაინც რატომ არ ხდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, პროვოკაციული შინაარსის მატარებელია - მიხეილ სარჯველაძე გონჩარენკოს განცხადებაზე

უკრაინის რადას წევრის ალექსეი გონჩარენკოს განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს უკრაინისთვის არ გაუგზავნია დახმარების სახით "არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა", მმართველ გუნდში შეაფასეს და მას პროვოკაციული შინაარსის უწოდეს:

"იმაზე საუბარი, თუ სიმბოლურად მაინც რატომ არ ხდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა - თუნდაც დანების გადაცემით, ძალიან პროვოკაციული შინაარსის მატარებელია ასეთი სიმბოლური დატვირთვის მქონე სამხედრო მხარდაჭერით, სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე. 

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, ისე, როგორც საქართველოს, არც ერთ ქვეყანას არ მოუწოდებენ ყოველდღიურად უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები, რომ კონფლიქტში მხარედ დაფიქსირდნენ. მისი თქმით, ეს მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში ხდება:

"როცა გონჩარენკო ამბობს, რომ ქართველი ხალხისგან გრძნობს მხარდაჭერას, ხოლო საქართველოს ხელისუფლებისგან არა, ეს არის ტყუილი. ეს ის ქართველი ხალხია, რომელიც მხარს უჭერს ხელისუფლებას, ზუსტად მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ამავდროულად, ყველა კარგად ხვდება, რომ ერთო დანა-ჩანგალი და ერთი ტყვია საქართველოდან გაგზავნილი, უკრაინას ვერაფერში შეეხიდება. თუ გახსოვთ რომელიმე ქვეყანა, რომელსაც ასე ყოველდღიურ რეჟიმში უკრაინის თანამდებობის პირები მოუწოდებდნენ, რომ კონფლიქტში მხარედ დაფიქსირდნენ, არ არსებობს ასეთი ქვეყანა,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

"საქართველოს არ გამოუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა - გეკითხებით, აქვს თუ არა ერთი დანა ან ერთი ტყვია სიმბოლურად, რომელიც ცხადყოფს, რომ თბილისი მხარს უჭერს უკრაინას საერთო მტერთან ბრძოლაში?" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის რადას წევრმა ალექსეი გონჩარენკომ გააკეთა.

მან ერთ- ერთ ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს არის ომში. მისივე თქმით, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინა იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა მას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იარაღითაც. "ახლა კი საქართველოს ხელისუფლება კიევს უარს ეუბნება ყოველგვარ იარაღზე, რაც შეცდომაა" - ამბობს გონჩარენკო. 

 

 

 

დღის ამბები