საქართველო, როგორც მედიატორი - ამიერკავკასიის მშვიდობამ თბილისისთვის არა მხოლოდ რეგიონული, არამედ პირადი მნიშვნელობა შეიძინა, მას შემდეგ რაც ორი მეზობლის, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში შუამავლის ფუნქცია მოირგო. სწორედ ამიტომ იყო, რომ დავოსში საუბრებს ამ თემაზე კითხვების გარეშე არ ჩაუვლია. შედეგად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საჯაროდ პირველად გაახმოვანა დეტალები იმ სამშვიდობო ინიციატივიდან, რომელიც მისი თქმით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ილჰამ ალიევის აზრით განხორციელებას მხოლოდ ერევნის უარი აფერხებს.
მზაობა ორი ქვეყნის მორიგების საქმეში არ დაუკარგავს თბილისს. მეტიც, ქართული მხარის ამბიციებზე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. თბილისმა იცის, თუ როგორ სურს ამ კონფლიქტში პოზიციონირება - როგორც ნეიტრალურ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მხარეს.
იმისათვის, რომ თანამშრომლობა შედგეს ერევანმაც უნდა დაიჯეროს. პრემიერ-მინისტრის ბოლო დროინდელი ვიზიტი ერევანში დიდი ალბათობით ამ განხილვების გარეშე ვერ ჩაივლიდა,თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც დახურულ კარს მიღმა დარჩა. მას შემდეგ რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა დედაქალაქში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს უმასპინძლა და მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის კვალდაკვალ მხარეების მორიგებას შეეცადა 6 თვე გავიდა. უკვე დღეს, დავოსის ფორუმის პერსპექტივიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საკითხზე მუშაობა მონდომებით უნდა გაგრძელდეს.
თბილისის გეგმასთან დაკავშირებით, სკეპტიციზმს არ მალავს ოპოზიცია.
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს ისტორიული როლი და ამ დრომდე დაცული ნეიტრალობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის პოზიტიური მოლოდინების საფუძველს აჩენს, ამ მხრივ კი გარკვეული წინაპირობების არსებობაზე საუბრობენ.
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს, როგორც მედიატორს ყველაზე ხელშესახები გარღვევა 2021 წლის ივნისში ჰქონდა, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებთან თბილისის კომუნიკაციის შედეგად შევიტყვეთ, რომ აზერბაიჯანი მზად იყო დანაღმული ტერიტორიების რუკის სანაცვლოდ სომხეთისთვის 15 სამხედრო ტყვე გადაეცა. გაცვლა წარმატებით დასრულდა, რამაც თბილისს შუამავლის შეუცვლელი როლი საერთაშორისო დონეზე გაუმყარა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორის თვალშიც. ვაშინგტონი ბაქოსა და ერევნის კონფლიქტში მორიგ გარღვევებზე თბილისთან ერთად მუშაობას აგრძელებს.