"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიულ არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა.
ზუგდიდის ორგანიზაცია პარტიულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. ეს იმ ფონზე, როდესაც პარტიის თავმჯდომარეობისთვის მებრძოლი ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია რეგიონებში მხარდამჭერი ბრიფინგების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
"50-ზე მეტი ორგანიზაცია რომ მხარს არ გიჭერს და ამასობაში საკრებულოს წევრებს აიძულებ შენი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ, უცნაურია. ასევე, იქ მე ვერ დავინახე ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე, შესაბამისად, ის ვერ იქნება პარტიის პოზიცია ზუგდიდში. მე ვიცი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ზუგდიდიდან ჰყავს პოლიტსაბჭოს წევრი, ბატონი კონჯარია, რომელიც ასევე არ იდგა იმ ბრიფინგზე. ეს ადამიანები არიან გადაწყვეტილების მიმღებები და არა 2-3 ადამიანი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილის ეს ბრალდება ზუგდიდში უპასუხოდ არ დარჩენილა.
ადგილობრივი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მელიას ასეთი საკითხებისთვის არ სცალია.
"როდესაც პარტიის მთელი არსი გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ იყოს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის, როდესაც გვაქვს ვალდებულება პოლიტპატიმრებზე ვიფიქროთ, სამწუხაროდ, დაგვიდგა სხვა რეალობა, რომელსაც ნამდვილად არ მივესალმებით. არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება და კონკრეტულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას,"- აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თეიმურაზ ბასილაია.
"ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე კი მათსავე პარტიის წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ განსხვავებული პოზიციების გამო, მათ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ და არ უნდა დააბრალონ, რომ თურმე ვიღაცამ აზრი მათ ძალდატანებით გამოათქმევინა.