საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო - ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელიც ორი დღის წინ "სი-ენ-ენის" ეთერში გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სი-ენ-ენი არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული". იმავე განცხადებაში ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ "სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე "კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის" გაცემა მოითხოვა".
ირაკლი კობახიძისეს განცხადება, დღეს პოლიტიკური შეფასებებისა და ურთიერთბრალდებების საკითხად იქცა.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს ტრანზიტის მაჩვენებლები და არა ექსპორტის.
ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს ზურგს არანაირი რეალური ციფრები არ უმაგრებს.
"შანსს არ უშვებს იერიში მიიტანოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ყველაზე მეტად თუ კი რამის ეშინიათ, ეს არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დამოუკიდებლობის ხარისხის აწევა, ეს არის რეალურად საფრთხე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების უკან არავითარი რეალური ციფრები არ დგას," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კობახიძემ უნდა გამოაქვეყნოს ციფრები, რომელიც ეფუძნება ტრანზიტსდა არა ექსპორტს.
"არავინ არ საუბრობს ექსპორტზე. აქ საუბარია ტრანზიტზე. ტრანზიტსა და ექსპორტს შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ, გამოაქვეყნონ ახლა ციფრები, გაიზარდა თუ არა ტრანზიტი რუსეთის მიმართულებით. ზუსტად ამ ტრანზიტზეა საუბარი, რომლის მონიტორინგსაც ჩვენ ვითხოვთ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.