არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მწვავდება - უთანხმოების მიზეზი ამჯერად ხარვეზებია, რომელიც არჩევნებზე რეგისტრაციის პროცესში არსებობს.
თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ხარვეზებთან ერთად, ვერ ხდება იდენტიფიცირება, არიან თუ არა დარეგისტრირებული პირები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მუმლაძე თვლის, რომ ამ ყველაფრის უკან იმ პირების ინტერესია, ვისაც პარტიაში ცვლილებები არ სურს.
"დღემდე ანდროიდის მომხმარებლებს უჭირთ სწრაფი დარეგისტრირება. პროგრამამ სამწუხაროდ ვერ უზრუნველყო ის, რომ ადამიანის კონკრეტულ facebook ექაუნთზე გადასვლა მოხდეს და შემოწმდეს კონკრეტულად ეს პირი დარეგისტრირდა თუ არა არჩევნებში. არის დიდი რისკი იმისა, რომ დაინტერესბულმა პირებმა ხელისუფლებიდან ან სხვა პირებმა, ვისაც უნდა, რომ ზემოქმედება მოახდინონ არჩევნებზე, ბევრი ადამიანის ჩართულობით მოახდინონ შედეგების ისე დაყენება, რომელი შედეგებიც აწყობს იმ ხალხს, ვისაც არ უნდა, რომ ამ პარტიაში ცვლილებები განხორციელდეს. მე ვფიქრობ და ვადანაშაულებ ამ ყველაფერში მმართველ მენეჯმენტს," - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე.
განცხადებას აკეთებს მელიას ფლანგიც. ბაჩო დოლიძისთვის პრეტენზიები მიუღებელია. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი აცხადებს, გამცხრილავი ჯგუფები გააკონტროლებენ ხმის მიცემის პროცესის დროს პირის იდენტიფიცირებას.
"ეს არის სპეკულაცია. შესაძლებლობით ყველას ექნება სურვილი, რომ დარეგისტრირდეს, გარეშე პირს ვგულისხმობ, მაგრამ ამისთვის ჩვენ შემუშავებული გვაქვს წესი. არსებობს ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ, შესაბამისად ის ადამიანები, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ან თუ ხდება იდენტიფიცირება, რომ ის გაიგივებულია სხვა პარტიასთან, ის იქნება ამოგდებული ამ გამცხრილავი ჯგუფების მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია აბსოლუტურად ყველა კანდიდატის მხრიდან. მაქსიმალურად ყველამ ეცადოს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში დისკრედიტაცია არ მოახდინოს ამ არჩევნების," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარე 28-29 იანვარს უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე პრეტენზიას 4 კანდიდატი აცხადებს - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.