14 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ევროკავშირის წევრობის საკითხზე - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე მსჯელობენ. როგორც ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, პირველი დიპლომატები უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებაც ეცდებიან პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრება. ეს ამ წელს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრაა. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა უკრაინა, მოლდოვასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც ისაუბრეს.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სურვილი ბევრმა სახელმწიფომ გამოთქვა.

"ბევრმა სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. ბატონი ზელენსკი ითხოვს ტანკებს, ბევრ სახელმწიფოს ამ საკითხზე სხვადასხვა პოზიცია აქვთ, რასაც განვიხილავთ. გავესაუბრებით დიმიტრო კულებას. ტრიბუნალის საკითხს, რაც შეეხება ამ თემაზე ბევრი საინტერესო მოსაზრება არსებობს, თუმცა ყველაფერი უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ, რადგან ვერავის ეტყვი არ მომწონხარ და ამიტომ ხარ ტერორისტი სახელმწიფო," - აცხადებს ბორელი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩესმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის შეფასებებზე წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა ბევრი რამეა, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს.

"რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ამ დრომდე აგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინისთვის გააკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა. ევროკომისიის შეფასებაზე ვერაფერს ვიტყვი წინასწარ. ბევრი რამეა, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს. შესაბამისად რაც უფრო მალე დააკმაყოფილებს თქვენი ქვეყანა ამ კრიტერიუმებს, მით მალე გადადგამთ წინ ნაბიჯს კანდიდატის სტატუსისთვის," - თქვა რინკევიჩესმა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო მიესალმება წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აქვს.

"მოხარული ვარ უკრაინისა და მოლდოვას პროგრესით, საქართველოს ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ევროკავშირის წევრობის საკითხზე. არის საკითხები რაც საქართველოს შიგნით უნდა შესრულდეს, მივესალმები იმ წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და ცვლილებებს რაც ამ პროცესში საქართველოს აქვს. კანდიდატის სტატუსს საქართველო მაშინ მიიღებს როცა ის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს," - ამბობს ჰაავისტო.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ყველა გადაწყვეტილება ამ შეფასებაში მიღებული უნდა იქნას ობიექტურად, შესაბამისი კრიტერიუმების შესრულების საფუძველზე. ესტონეთი ევროკავშირის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას გაწევრიანების ერთგული მხარდამჭერია. აუცილებელია საქართველომ პოლიტიკური და დემოკრატიული კუთხით ყველა საჭირო კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეძლოს," - განაცხადა რეინსალუმ.

დღის ამბები