უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო დონეზე, უმაღლესი თანამდებობის პირებთან და მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს და არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი.
"უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!
ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას - საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.
დღევანდელ მოცემულობაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული," - ვკითხულობთ განცხადებაში.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ სანქციებთან დაკავშირებით „სიცრუის ტირაჟირებაში აიყოლიეს პრეზიდენტიც, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა“.