სტრასბურგში საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხვდება. საქართველოს დელეგაცია ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას, პარალელურად კი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ასამბლეის მაღალჩინოსნებთან მართვას შეხვედრებს.
საუბარი ეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, პირველ რიგში კი საქართველოს ევროინტეგრაციას და ევროპულ განაცხადს.
კობახიძე ერთ-ერთი პირველია, ვისაც ტონი კოქსი ხელმეორედ არჩევის შემდეგ ხვდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ის დღეს ხმათა უმრავლესობით 175 ხმით აირჩია პრეზიდენტად. მხოლოდ 44 ხმა მიიღო მისმა კონკურენტმა, უკრაინელმა პოლიტიკოსმა, რომელსაც ხმა არც საქართველომ მისცა.
ორი მიზეზიდან ერთ-ერთი ოლექსანდრ მერაშკოს პოზიციაა, ის აქტიურად მუშაობდა იმ რეზოლუციაზე , სადაც სააკაშვილი პოლიტ პატიმრად იყო მოხსენიებული.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ სტრასბურგში საქართველოსთვის სპეციალური სამოქმედო გეგმა მზადდება და ეს საკითხი ქართული ოცნების თავმჯდომარის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემაცაა.
"შევეხეთ ყველა თემას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობასთან, ურთიერთობებთან, ჩვენი დელეგაციის მუშაობასთან. ევროსაბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები იყოს სათანადოდ გატარებული. მზადდება სპეციალური, რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რაშიც აქტიურად არის ჩართული თავად გენერალური მდივანი.
ასევე, მიმოვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ვისაუბრეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ქალბატონმა ბურიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, უკავშირდება 12 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ასევე, გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი ყველა შემდგომ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დადებითი გზავნილის მიღება ქალბატონი ბურიჩისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.