14 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
უვლის თუ არა რუსეთი სანქციებს გვერდს საქართველოს გავლით - ბრალდებები და მმართველი გუნდის პასუხი

სტრასბურგში გამგზავრებამდე ირაკლი კობახიძემ სტატუსი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დაწყებულ მასშტაბურ კამპანიას მიუძღვნა.

"რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით, როგორ შეიძლება ამის შეჩერება?" - ეს კითხვა კრისტიან ამანპურმა ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა. რა ხდება რეალურად და იყენებს თუ არა რუსეთი საქართველოს თავის სავაჭრო მარშრუტად?

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ტელეკომპანია CNN-ის ეთერში გასულ იმ ინტერვიუს გულისხმობს, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტს, სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით საქართველოს გავლით, რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანასთან დაკავშირებით კითხეს. ჟურნალისტის კითხვა ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ საქართველო სანქცირებულ პროდუქციას რუსეთში არ ატარებს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სოციალური ქსელის საშუალებით სტატისტიკური მონაცემებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 2022 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, საიდანაც რუსეთზე მხოლოდ 7 პროცენტი მოდის. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა ყაზახეთში - 148 პროცენტით, სომხეთში - 129 პროცენტით, ბულგარეთში - 67-ით. 36 პროცენტია საექსპორტო ზრდა აშშ-ში. თურქეთში კი 35 . ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მონაცემები საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს ადასტურებს და ამავე დროს აჩვენებს რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ უფრო მნიშვნელოვანია სატრანზიტო მონაცემები, ვიდრე ციფრები ექსპორტის შესახებ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ხელისუფლებას ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ აქვს.

სანქციების აღსრულების ნაწილში, საქართველოს ხელისუფლების პასუხი მკაფიოა. ფინანსთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ საბაჟო კონტროლი მკაცრად ხორციელდება და შეუძლებელია სანქცირებული პირი, ან ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდეს.

საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდით ჰიბრიდული ომი წარმოებს, რომლის მიზანია დააზიანოს ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე და შელახოს ეროვნული ინტერესები - ასეთი პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის წევრებს. დეპუტატები ამბობენ, რომ ცრუ ბრალდებების გავრცელებით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურშია. სიცრუის ტირაჟირებაში უმრავლესობის წევრების განმარტებით, პრეზიდენტიც ჩართულია. ბრალდებას დღის ბოლოს ოფიციალური განცხადებით უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი თავის მხრივ "ქართულ ოცნებას", მისი განცხადებების არასწორად გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის წევრებს ახსენებს, რომ სანქციების საკითხთან მიმართებაში ქვეყანა არასოდეს დაუდანაშაულებია.

გასულ წელს საქართველოდან შეტანილი საქონელი, რუსეთის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 პროცენტს შეადგენს. მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთიდან იმპორტს ზრდიან. მაგალითად 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი 33 პროცენტით გაიზარდა, პოლონეთში - 24 , იტალიაში - 100 პროცენტით, საბერძნეთში - 142 პროცენტით, ავსტრიაში - 139 პროცენტით, სლოვენიაში - 346 პროცენტით, ლუქსემბურგში - 262 პროცენტით. ანალიტიკოსების შეფასებით საქართველოს ბაზარი დივერსიფიცირებულია და რუსეთთან დამოკიდებულებას ამცირებს.

სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ცრუ ბრალდებაზე კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი გასცა.

დღის ამბები