ხალხის ძალის წევრის ზურაბ ქადაგიძის ვრცელ წერილს, სადაც ის საუბრობს ბოლო წლების ქრონოლოგიაზე, თუ რა ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ თუკი საქართველოს პრეტენზია აქვს სუვერენიტეტზე, არანაირ გარე ძალას სასამართლო სისტემაზე არ უნდა ჰქონდეს გავლენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, გავლენის მოპოვება ავტომატურად ნიშნავს სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.
"თუკი ჩვენ გვაქვს პრეტენზია სუვერენიტეტზე, თუკი ჩვენ გვაქვს პრეტენზია როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობაზე და ე.წ. სრულ, ძლიერ სახელმწიფოზე, რომლის სამი განსაკუთრებული სახელისუფლებო შტო - საპარლამენტო, აღმასრულებელი და ხელისუფლება, დაყოფილი თუ დაკავშირებული ურთიერთობებით ქმნიან სახელმწიფო პოლიტიკას, მაშინ ფიქრის დონეზეც არ შეიძლება იმის დაშვება, რომ გარე ძალას, ვინმეს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პარტნიორი ორგანიზაციაა, სახელმწიფოა თუ ა.შ. ვინმეს ჰქონდეს გავლენა მასზე. იმიტომ რომ გავლენის მოპოვება ავტომატურად ნიშნავს სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ახლა პროცესში ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს, რომელიც დაწყებულია არა გუშინ და გუშინწინ, არამედ წლების წინ, როდესაც USAID-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი და გაიმარჯვა სორისის ორგანიზაციამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და შემდეგ ვნახეთ ამ ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არა ერთი ფილმი, კლიპი, სიუჟეტი კონკრეტული მოსამართლეების გაშავების მცდელობა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა. 21 წელს კიდევ გამოაცხადა USAID-მა ერთი კონკურსი, რომელშიც ისევ ჩხეიძის და თოდრიას ორგანიზაცია იმარჯვებს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც ქვეყნები ცდილობენ სხვა ქვეყნების გარედან მართვას და ამას აკეთებენ სასამართლოს მართვის ბერკეტების დაუფლებით.
"ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ათი წელია უკვე თითქოს და მიდის რეფორმა მარგამ ამ რეფორმის ნაწილია სწორედ ის, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, რომ ჩაიგდონ სასამართლო და თითქოს გვთავაზობენ უკეთეს რეფორმის სახით, მაგრამ პრაქტიკულად ისინი გვთავაზობენ, რომ გავასხვისოთ სასამართლო და სამართალი გავიტანოთ განსასჯელად ქვეყნის გარეთ. ვფიქრობ, ეს მიუღებელია, ეს ვერ იქნება და აქ არის ერთი ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში ნდობა ქართული სასამართლოს მიმართ არის გაზრდილი და მოსახლეობის ნახევარი აფიქსირებს სრულ ნდობას. თუმცა, იმ ქვეყნებში საიდანაც უკეთეს რეფორმას გვთავაზობენ, იქ ხალხის ნდობა ადგილობრივი სასამართლოს მიმართ არის ამის ნახევარი,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.