14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ჩვენი მოქალაქეების წყალობით, სულ 2 საკრებულო არის დარჩენილი, სადაც უმრავლესობა აქვს, ამ შემთხვევაში, ენმ-სა და გახარიას პარტიას - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში, უმრავლესობაში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობასა" და გახარიას პარტიას ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში არ გამოუყენებიათ ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, "ევროპულმა საქართველომ" 2022 წლის მაისში ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან, ხოლო დეკემბერში მერიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების მხრიდან მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობის შესახებ. მისი თქმით, ირკვევა, რომ ზუგდიდის საკრებულოს მსგავსი სახის საქმიანობა არ განუხორციელებია, ხოლო რუსთავის საკრებულოს საერთოდ არ შეუქმნია მსგავსი ტიპის სარევიზიო კომისია, მაშინ, როცა ორივე საკრებულოში უმრავლესობას სწორედ ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ.

"ჩვენი მოქალაქეების წყალობით არის სულ 2 საკრებულო დარჩენილი საქართველოში, სადაც უმრავლესობა აქვს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას. ძალიან მნიშვნელოვანია დემონსტრირება იმისი, თუ როგორ იქცევიან ისინი ასეთ შემთხვევაში, სადაც ეს უმრავლესობა გააჩნიათ, დგამენ თუ არა იმ მინიმალურ ნაბიჯებს, რომელსაც ვერ დგამენ პარლამენტში, სადაც მაინც რჩებიან. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ უმძიმესი სურათი, სრული უგულებელყოფის ჩვენი საზოგადოების ინტერესებისა," – აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

ბოკერიას "საქართველოსთვის" პარტიის წევრებმა უპასუხეს. პარლამენტის წევრი და პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერია პარლამენტს არაფრად აგდებს და დეპუტატებს მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს.

"გიგა ბოკერია დეპუტატებს, მათ შორის, თავისი პარტიის სახელით გასულ დეპუტატებს ამუნათებს, პარლამენტს არაფრად აგდებს და მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს მთელს დეპუტაციას, დაკავებული არის იმით, რომ საკრებულოებში გამოძიებებს ატარებს. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წარმომადგენელი, ვგულისხმობ ადგილობრივ ხელმძღვანელებს საკრებულოებისა, თქვენს ნებისმიერ შეკითხვას სიამოვნებით გასცემენ პასუხს," - აცხადებს ანა ბუჩუკური.

დღის ამბები