ევროსაბჭოს მაღალი დონის რეზოლუციაში წარმოდგენილი იქნება ჩანაწერი, რომელიც დეოკუპაციას ეხება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული გზავნილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან არის მხარდაჭერის გამოხატულება.
"დეოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. ევროსაბჭოს მაღალი დონის რეზოლუციაში იქნება წარმოდგენილი ჩანაწერი, რომელიც ეხება დეოკუპაციას, ეხება სამხედრო ძლების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას. ეს მორიგი გზავნილი არის მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან," - განაცხადა კობახიძემ.
ევროპის საბჭოში დებატები მიმდინარეობს. კენჭისყრაზე გადის რეზოლუციის პროექტი, რომელიც 16-17 მაისს რეიკიავიკში დაგეგმილ სამიტს ეძღვნება. დეოკუპაცია, რუსეთისათვის მოწოდება და მკაფიო გზავნილი საერთაშორისო ზეწოლის აუცილებლობის შესახებ - ქართული მხარის ინიციატივით, დოკუმენტში ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ჩანაწერი მოხვდა. სამიტი ისლანდიაში უმაღლეს დონეზე ჩატარდება და ევროპის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.