14 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ საჭირო იქნება, სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიან

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა რაიონსა და რეგიონში მიხეილ სააკაშვილი განთავისუფლების მოთხოვნის ოფისები გაიხსნება.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ რუტინულ არჩევნებში მოუგებს ოპოზიციას და საჭიროა რევოლუციური ცვლილებები, რათა ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს.

"ყველა რაიონსა და რეგიონში გაიხსნება მიშას გათავისუფლების ოფისები. ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს. მე არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში ჩავიყვანო სასეირნოდ და არ ვაპირებ, კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგვხვდება, და იქნება ასეთი წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ჩვენ რაღაცა კანონს ვერ დავარღვევთ.

ხელისუფლება არის უკვე კანონგარეშე, რუსულ ოცნებას უკვე გამოცხადებული აქვს თავისი ღია მხარდაჭერა რუსებისთვის. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და გაკვირვებული არიან, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს რუსებს. როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ყველა მოქმედება იქნება ლეგიტიმური. არ ვაპირებ, მათ შორის ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენ წინ, არ გადავლახო," – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას,"შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?“, – ხაბეიშვილმა უპასუხა: "თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ, რადგან საუბარია მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ. ასევე, თუ გვინდა, ევროკავშირში შევიდეთ, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, რუტინული არჩევნებით ისინი ყოველთვის დაგვამარცხებენ. ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ რუტინულ არჩევნებში მოუგებს ოპოზიციას. ქვეყანაში საჭიროა პოზიტიური ცვლილებები, რევოლუციურად სწრაფად. მათ შორის რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, რათა ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს."

დღის ამბები