"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, შეაფასეს "ქართულ ოცნებაშიც". ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს და ამბობს, რომ "გადატრიალება" ხაბეიშვილს მხოლოდ ლოგინში შეუძლია მოაწყოს.
"წინასაახალწლოდ ჩვენ, ერთმა ღვთისნიერმა კაცმა, პარლამენტს საჩუქრად ვეფხისტყაოსნები დაგვირიგა. ერთი ეტყობა შეხვდა ხაბეიშვილსაც ხატაეთის ბრძოლა -"შიგან ესრე გავერიე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე..." ამ ობრაზშია ჩემი ხაბე შესული, ეგ არის და ეგ, თორემ თვითონაც იცის და მთელმა მისმა მიმდევრებმაც, რომ ამის რესურსი არ აქვთ, რასაც რევოლუცია ჰქვია. მაქსიმუმ შეუძლია, როგორც თავად მან თქვა, გადავატრიალოთ-გადმოვატრიალოთ ლოგინში. რა სიტყვების წყობას დააბრეხვებს ხაბე პირდაპირ ეთერში ამაზე ჩვენ ნუ გავაკეთებთ აქცენტირებას. ყველა ავთანდილია რომ ჰკითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ. დანარჩენი ავთანდილები არიან,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის ფიზიკურად გამოხსნაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იბრძოლებს ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურ წინააღმდეგობაში.