მგონია, კასიანოვის განცხადება იმის საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია და გაწვევა მოხდეს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
მისივე თქმით, საგარეო უწყებამ კასიანოვს დიპლომატიის ანა-ბანა უნდა აუხსნას.
"საქართველოში ის მოცემულობა გვაქვს შექმნილი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი დევნილები საქართველოში ბრუნდებიან. რატომ? - აქ ხვდებათ კეთილგანწყობა როგორც ხალხის მხრიდან, ასევე მთავრობის მხრიდან, მთელი რიგი პროგრამები - კომუნალურების, ტრანსპორტის ნაწილში, ბაღების, სკოლების ნაწილში და ამის შემდეგ ენა რომ მოგიბრუნდება და ასეთ განცხადებას გააკეთებ, რას ნიშნავს? ეს განცხადება უკრაინელ დევნილებს რომ ვუთარგმნოთ, მგონი, კასიანოვი მათი მოქალაქეებისგან დასაცავი გახდება. საგარეო უწყებას მოვუწოდებ, დაიბარონ ეს პატივცემული და აუხსნან, დიპლომატიის ანა-ბანა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ისაუბროს. განცდა მაქვს, რომ არესტოვიჩს კასიანოვი ჩაენაცვლა. ხომ იცით, იმან როგორ დაამთავრა? - მთავრობიდან გააბუნძულეს”,- განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.
„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, - განაცხადა კასიანოვმა.