სტრასბურგში მიღებული ისტორიული რეზოლუცია და სპეციალურად საქართველოზე გაკეთებული ჩანაწერი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეიკიავიკის სამიტის რეზოლუციაში ქართული დელეგაციის მოთხოვნით პირდაპირ ჩაწერა, რომ უკრაინამდე რუსეთმა სრულმაშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. გარდა ამისა რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მოსკოვის სამიზნედ კვლავ რჩება საქართველო.
რეიკიავიკის სამიტის რეზოლუციაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, აგრესორ ქვეყანას მოუწოდებს რუსული არმია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დოკუმენტში შესულ ცვლილებებს მხარი ქართული საპარლამენტო დელეგაციის უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა, როგორც მმართველმა გუნდმა ასევე ოპოზიციამ.
სხვადახვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების წევრები თანხმდებიან, რომ ევროპა ახლა არაორდინალური გამოწვევების წინაშე დგას და რუსეთის ფედერაციის მასშტაბური, გაჭიანურებული და სასტიკი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ პრინციპებზე დგას ევროპის საბჭოს არქიტექტურა. რეზოლუცია ერთგვარი რეკომენდაციებია, რომლებსაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ლიდერები რეიკიავიკში გაზაფხულზე განიხილავენ.
ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრები მიღწეული შედეგით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ შესწორებების მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერას. ყველა ტრიბუნა, როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, უნდა გამოიყენონ დეოკუპაციისა და ზოგადად ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების მონაწილეობით, ისლანდიის დედაქალაქში რიგით მე-4 სამიტი, 16-17 მაისს გაიმართება.