უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა. ანდრეი კასიანოვი უწყებაში განმარტებისთვის გამოიძახეს. რწმუნებულს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან იმის ახსნა მოუხდა, თუ რას ემყარებოდა განცხადება, საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციაზე. პარალელურად შეხვედრა მიმდინარეობდა უკრაინის საგარეო უწყებაშიც. კასიანოვის პოზიციისგან განსხვავებით საქართველოს ელჩს კიევში დაუდასტურეს, რომ ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.
უკრაინელი დიპლომატის საგარეო უწყებაში დაბარებას დროული უწოდეს მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდისთვის კასიანოვის განცახდება არაკორექტულთან ერთად მცდარიცაა. დროებით რწმუნებულს დიპლომატიური ენაც დაუწუნეს და მის გაწვევაზეც ისაუბრეს.
მმართველი პარტიის მსგავსად ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისთვის კასიანოვის პოზიცია მიუღებელია. პოლიტიკურ ძალებში რწმუნებულის განცხადებებს მავნებლური და ხისტი უწოდეს. ოპოზიციის ნაწილი კიევს კასიანოვის გაწვევას ურჩევს.
ანდრეი კასიანოვის პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრებისთვის სპეკულაციურია. არამეგობრული განცხადების მიღმა ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას ხედავენ.
ანდრეი კასიანოვის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ 2 დღის წინ გამოქვეყნდა. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა და ამის მიზეზად საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და მისივე სიტყვებით რუსების მასიური შემოდინების საფრთხე დაასახელა.