3 დღე არჩევნებამდე და ისევ დაპირისპირება ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" - ნიკა მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი პარტიაში პარტიას ქმნიდა, ისე რომ თავად მელიამ არაფერი იცოდა.
ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ღიად ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან და დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაწყებული არ არის. "დავინახე ხელშესახები საფრთხე არაფორმალური გავლენების, ძალიან დიდი დოზით. მერე მერაბიშვილის და კეზერაშვილის გზები გადაიკვეთა და მათი კანდიდატია ხაბეიშვილი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. დავინახე ხელშესახები ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა პარტიის არა გაძლიერებას, არამედ დასუსტებას," - ამბობს ნიკა მელია.
მელიას ფლანგი თავმჯდომარის მხარდაჭერას მისსავე განცხადებებში ეჭვის შეტანის საფუძვლის არარსებობით ხსნის.
"საჯარო პოლიტიკა მოითხოვს, რომ თუ ვინმე ვინმეს უკან დგას, მას მხარს უჭერს, ეს სჯობს ღიად გაცხადდეს და ამ ადამიანებმა თავი დააფიქსირონ უკვე ღია პოლიტიკურ პროცესებში. რატომ ვარ მე ნიკა მელიას მხარდამჭერი? იმიტომ, რომ მის განცხადებებში დარწმუნებული ვარ, ის აკონკრეტებს და ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ რასაც ის ყვებოდა, ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი უბრალოდ არ მაქვს," – აცხადებს პარტიის წევრი ნინო კვიტაიშვილი.
პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩევნების პროცესზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ადამიანების იდენტიფიცირება არ ხდება ეფექტურად, რამაც შესაძლოა პირების გაცხრილვის პროცესი გაართულოს.
"ადამიანების იდენტიფიცირება არ ხდება ეფექტურად, რაც ართულებს ადამიანების გაცხრილვას, ეს არის მთავარი პრობლემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტი ისეთი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში, რომლებსაც აქვთ არა კეთილი სურვილები პარტიასთან მიმართებაში, არამედ გარკვეული მავნე ზემოქმედება სურთ. მმართველი მენეჯერს პარტიისთვის უნდა შემოეთავაზებინა ისეთი გეგმა, რომელიც დაამტკიცა პოლიტსაბჭოზე, მაგრამ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება სამწუხაროდ ვერ სრულდება და ამაზე სრული პასუხისმგებლობა აქვს ამ მომენტისთვის პარტიის მმართველ მენეჯერს," - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს ენმ-ს არჩევნებში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ დესტრუქციული ძალის "ნაცმოძრაობის" არსებობა უნდა დასრულდეს.
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ არჩევნებში გამარჯვებული იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში უნდა იყოს გამარჯვებული ჩვენი ქვეყანა იმით, რომ დესტრუქციული ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობის" სახით საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში, მათი ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და არსებობა უნდა შეწყდეს საქართველოში და ეს დესტრუქციული ველი უნდა დაიკავონ პოზიტიურებმა, საკუთარ ქვეყანაზე მზრუნველმა და მოამაგე ისეთმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც შესაძლოა თუნდაც არ იყვნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილნი, იყვნენ ოპოზიციური ძალა, მაგრამ იყვნენ კონსტრუქციული და პოზიციური და არ ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩაბმას, ქვეყანაში ცეცხლის დანთებას და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით წინსვლას," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.