საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან გიორგი მათიაშვილთან ერთად, კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება.
პრემიერმა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადო და მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
თავდაცვის სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო. ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია. ასევე, აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი, საწვავგასამართი სადგური, ავტოსამრეცხაო და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო უბანი. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ლიცეუმი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება და აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს.