ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, რომელიც მან ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, შეფასებები გრძელდება. პარტიები თვლიან, რომ ელჩის პასუხი დიპლომატიური იყო. ისინი აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარი არ ყოფილა ის პასუხი, რომელიც კელი დეგნანმა ჟურნალისტის შეკითხვას გასცა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ჰერმან საბო ამბობს, რომ არ მიიჩნევს, ელჩმა კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი აარიდა.
"მე არ მგონია რომ ეს ორმაგი სტანდარტი ყოფილიყო და ელჩის თავი აერიდებინა კითხვისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ამერიკა საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენდა სამწუხაროდ, არის ქვეყანა, სადაც ინსტიტუტები გამართულად მუშაობს, სასამართლო არის, პროკურატურა არის, ყველაფერი წესრიგშია," - აცხადებს ჰერმან საბო.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის ელჩი, როგორც დიპლომატი, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას პასუხს ვრ გასცემდა.
"ამერიკის შეერთებული შტატები არ დევნის პოლიტიკურად ყოფილ პრეზიდენტებს. ყოფილი პრეზიდენტი არის სახელმწიფო ინსტიტუცია და აბსურდული ბრალდებით ყოფილ პრეზიდენტებს ბრალს არ უყენებენ და პოლიტიკურ შურისძიებას არ ახორციელებენ მასზე ან მის პოლიტიკურ გუნდზე. ამიტომ არის განსხვავება და ჰიპოტეტური, ამიტომ არის გაუგებარი ეს კითხვა და ბუნებრივია, ამერიკის ელჩი როგორც დიპლომატი, ამ კითხვას პასუხს ვერ გასცემდა," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
კელი დეგნანი ჟურნალისტის შეკითხვას, ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი, ელჩი პასუხობს რომ შეკითხვა ჰიპოტეტურია. დეგნანის განცხადებით, ამერიკა სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.