"ნაცმოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას მმართველ გუნდში აფასებენ - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიაში ბრძოლა თანამდებობისთვის წესების გარეშე მიმდინარეობს.
"ანალიზსაც აღარ ექვემდებარება, იმდენად მძიმე არის ურთიერთბრალდებები, ერთმანეთზე ცილისწამება, თუ ერთმანეთის მიმართ გარკვეული შიდა ინფორმაციების გავრცელება, ბრძოლა თანამდებობისთვის, როგორც იტყვიან, მიმდინარეობს წესების გარეშე. რა შედეგით დასრულდება - ყველა შემთხვევაში ეს დასრულდება ნეგატიური შედეგით "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ვიმედოვნებთ, კარგი იქნება საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ველის გათავისუფლებისა და გაჯანსაღებისთვის," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც პარლამენტის წევრი და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალას" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია დაშლის საშიშროების წინ დგას და ამისთვის თავად პარტიის წევრები აკეთებენ ყველაფერს.
"ეს პარტია დიდი ხანია უკვე დაშლისკენ მიდის, ეს არის მილევადი პარტია არაერთხელ მითქვამს და ამისთვის თავად აკეთებენ ყველაფერს. უკვე იქამდე დავიდნენ, რომ დასდევენ შემოსავლებს, შემოსავლის წყაროს ინტერესებს, დავიდნენ მანქანებამდე, საჩუქრებამდე, ხელფასებამდე. ძალიან რთულია, როდესაც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს პოლიტიკაში ყოფნა იმისთვის, რომ ჰქონდეს შემოსავალი," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.