კრწანისში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აშენდება. პრემიერმა თავდაცვის მინისტრთან ერთად, მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაუყარა. პროექტის მიხედვით, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ფუნქციური შენობები. დაგეგმილია ადგილზე არსებული ობიექტების სრული რეკონსტრუქციაც. 42 ჰექტარ ტერიტორიაზე 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები აშენდება. სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში არსებული ლიცეუმის ანალოგი იქნება და ქვეყნის აღმოსავლეთს დაფარავს. მშენებლობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.
დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, ადმინისტრაციული კორპუსის, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების სრული რეკონსტრუქცია. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. დღეს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.
უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ქუთაისში. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ რომ მათი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბების უნარი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. ლიცეუმის მისია ეროვნული ღირებულებების მატარებელი - თავისუფალი ადამიანის აღზრდაა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმ მოსწავლეებს მიიღებენ, ვისაც დამთავრებული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და აკმაყოფილებს შესარჩევი კონკურსის პირობებს.