14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტი და გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობა" - პარტიაში არაფორმალური გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება

"ნაციონალურ მოძრაობაში" რეგისტრაცია დასრულებულია, თუმცა არ დასრულებულა შიდა პარტიული დაპირისპირება. პირიქით, ნიკა მელია უკვე ღიად ამბობს, რომ არაფორმალური გავლენებისთვის ბრძოლა "ნაციონალურ მოძრაობაში" იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე მას თანაპარტიელები არჩევნების ჩატარებას საჯაროდ მოსთხოვდნენ.

მოქმედი თავმჯდომარის მტკიცებით, კეზერაშვილ-მერაბიშვილმა პარტიის შიგნით კიდევ ერთი პარტია შექმნეს - "ანტიკორუფციული მოძრაობა", რომელსაც სათავეში მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი უდგას. მელია ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო, მოძრაობის დაფინანსების წყაროები.

ნიკა მელიას განცხადებებს არაფორმალურ მმართველობაზე, ჭორაობას უწოდებს ლევან ხაბეიშვილის ფლანგი, სადაც ამბობენ, რომ მოქმედმა თავმჯდომარემ იცოდა, რომ ანტიკორუფციული მოძრაობა ყალიბდებოდა და მათივე მტკიცებით, სწორედ მელიამ დანიშნა მოძრაობის ხელმძღვანელად ხაბეიშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნებამდე 2 დღე რჩება, რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. ახლა კომისია დარეგისტრირებულ პირთა იდენტიფიკაციაზე მუშაობს. სწორედ იდენტიფიკაციის ველია ის, რაც თავმჯდომარეობის კანდიდატის მუმლაძის აზრით პარტიის მმართველ მენეჯმენტს მანიპულაციის საშუალებას აძლევს.

ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, აქტიური შეფასების საგანია სხვა პოლიტიკურ წრეებში. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ასუსტებს და შესაძლებელია მისი დაშლაც კი გამოიწვიოს.

გავლენებისთვის ბრძოლა - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე საარჩევნო პროცესებს. პარლამენტის დეპუტატები აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებასა და იმ ურთიერთბრალდებებს რაც ოპოზიციური პარტიის წევრების მხრიდან ერთმანეთის მისამართით ისმის, თვითლუსტრაციას უწოდებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.

ცნობილია, რომ ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია 49,756 ამომრჩეველმა გაიარა. მათ არჩევანის გაკეთება 4 კანდიდატს - ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ნონა მამულაშვილსა და გიორგი მუმლაძეს შორის მოუწევთ.

დღის ამბები