იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილი დიაგნოზები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ არის სარწმუნო და უტყუარი, პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებამ კიდევ რთხელ დაადასტურა, რომ ემპათიის დასკვნა არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს და მათი თქმით, ცენტრის ხელმძღვანელობა მიკერძოებულია.
"ეს ცენტრი ობიექტური გარემოებების შეფასებით ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილის სამსახურში ყოფნისთვის რომ შეიქმნა, ეს მგონი არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვახსოვს ამ პროცესში ისინი არ ერიდებოდნენ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის გამოყენებას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. შესაბამისად, ცხადია, ამ საკითხზე პასუხები საზოგადოებას აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ, რასაკვირველია მნიშვნელოვანია როდესაც უმაღლესი სტანდარტით იცავ კონკრეტული პატიმრის უფლებას და მავანი ცილს გწამებს ადამიანის წამებაში, ამაზე ცხადია იქნება რეაქცია," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელების და ექსპერტების დასკვნები მიკერძოებული და სუბიექტურია.
"ცენტრი ემპათია და მისი ხელმძღვანელობა ზოგადად არის სუბიექტური და ეს ხალხმა ნახა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ემპათიის ხელმძღვანელები და ექსპერტები გამოდიოდნენ და ერთ რამეს ამბობდნენ ტელევიზიით და რეალურად, ხალხი ხედავდა სულ სხვა რამეს, როდესაც საჯარო სივრცეში ხედავდა პატიმარ სააკაშვილს. ეს არა ერთხელ გააკეთეს, შესაბამისად, მათ შორის სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც იყო მიკერძოებული და სუბიექტური მათი დასკვნები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ემპათიის მიმართ საზოგადოებაში აღარ არსებობს ნდობის ფაქტორი. ექსპერტიზის დასკვნამ პირველად კი არ თქვა რომ ემპათიის დასკვნა შეიძლება იყოს არასწორი, არამედ ამის ნიშნები უკვე არსებობდა. საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებები არსებობდა, რომ ემპათიის დასკვნები რეალობას არ შეესაბამებოდა ხოლმე და შესაბამისად, ახლა უკვე ექსპერტიზამ თქვა ეს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.