14 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
"გიორგი მუმლაძეს გადასარევად აუთვისებია "ოცნების" პროპაგანდა" - რას პასუხობენ მუმლაძის ბრალდებებს გახარიას გუნდში

შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთ დღით ადრე, "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი ბრალდება ისმის. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე მოქმედ თავმჯდომარე, ნიკა მელიას ამჯერად საყვედურობს იმის გამო, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გიორგი გახარიასთან ითანამშრომლა. მან ამ პროცესებს კოალიციაც კი უწოდა და თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გახარიასთან კავშირმა დიდი დარტყმა მიაყენა, მათ შორის ნიჰილიზმის დათესვის კუთხით.

"2022 წელს, როდესაც საკრებულოებში უმრავლესობა მოიპოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გახარიას პარტიამ, ნიკა მელიას გადაწყვეტილებით კოალიცია შეიქმნა ადგილებზე, ეს არის ფაქტი. ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა "ნაციონალური მოძრაობისთვის", ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი ამან გაანაწყენა, გააბრაზა და ის ნიჰილიზმი, რომელიც ახლა არის დათესილი ჩვენ მხარდამჭერებში, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ საკრებულოებში გავურიგდით გიორგი გახარიას ნიკა მელიას გადაწყვეტილებით," - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

გიორგი მუმლაძის ბრალდებებს უკვე უპასუხეს ნიკა მელიას მხარდამჭერებმა. ბაჩო დოლიძის თქმით, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნოდ კვლავ გრძელდება პოპულისტური განცხადებები

"წინასაარჩევნოდ გვესმის ძალიან ბევრი ლოზუნგი, სადღეგრძელო, პოპულისტური განცხადებები. სადაც გახარიას წარმომადგენელია, მანდ ყველა კომისია უმეტესად "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არის დაკომპლექტებული და არ ვაძლევთ "ქართულ ოცნებას" იმის საშუალებას, რომ მოიპარონ ხალხის ფული, ორჯერ ორი - ოთხია, ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია და ჯობია იკითხონ, თუ რა სარგებელი მოიტანა აღნიშნულმა კონფიგურაციამ," - ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება თავად გიორგი გახარიას პარტიას, "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი მუმლაძის განცხადებებს "ქართული ოცნების" პროპაგანდას უწოდებს და პასუხობს, რომ მათ ენმ-სთან კოალიცია არასდროს შეუქმნიათ.

"გიორგი მუმლაძეს გადასარევად აუთვისებია "ოცნების" პროპაგანდა რა არის. ეს არგუმენტები უბრალოდ სასაცილოა, ჩვენ რომ ვინმესთან კოალიციის შექმნა გვდომოდა, ამ კოალიციას გავაკეთებდით. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე კოალიციის გაკეთება. მეორე მხრივ კი, ჩვენთვის ასევე მიუღებელი და დაუშვებელი იყო საკრებულოებში საქმიანობა უბრალოდ გაჭედილიყო, ამიტომ დავაყენეთ ჩვენი კანდიდატურები თავმჯდომარეობაზე და ამის შემდგომ მოხდა მათი მხრიდან მხარდაჭერა," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები