რას პასუხობენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი მუმლაძეს იმ ქალაქებში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი გახარიას გუნდი თანამშრომლობს. პარტიებში აცხადებენ, რომ ერთმანეთთან პრინციპული შეუთავსებლობა აქვთ, თუმცა არსებული მოცემულობიდან გამომდინარე უწევთ თანამშრომლობა, რათა საკრებულოებმა შეძლონ საკუთარი ფუნქციების შესრულება.
"რუსთაველმა მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ საკრებულო, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი რუსთავში, იყოს ასეთი კონფიგურაციის. ამ კონფიგურაციაში იგულისხმება "ქართული ოცნება," რომელიც უმცირესობაში მოხვდა და იყო 2 ოპოზიციური პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" და "რუსთავი საქართველოსთვის". ეს გადაწვეტილება მიიღო რუსთაველმა მოსახლეობამ და ჩვენ დავყევით მათ ნებას. ამიტომ, ეს კოალიცია კი არა, 2 პარტიის შეთანხმებაა, რომ მათი შეპირებები რაც იყო არჩევნებში მათი მოსახლეობის მიმართ, შეთანხმებები ჩვენი საერთო ყოფილიყო," - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბერიძემ.
კოალიციის არსებობას უარყოფენ რუსთავის საკრებულოში "საქართველოსთვის" წევრებიც.
"ეს მხოლოდ სიტყვებია და ქმედებით, რა თქმა უნდა, შეუსაბამოა სინამდვილესთან. ჩვენ მრავალპარტიული საკრებულო გვაქვს წარმოდგენილი და ჯანსაღი, მუშა პროცესია, როდესაც ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით ვერთიანდებით, იმ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, რაც ქალაქისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი გახარიას პარტიის წევრმა.
ცნობისთვის, შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთ დღით ადრე, "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი ბრალდება ისმის. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე მოქმედ თავმჯდომარე, ნიკა მელიას ამჯერად საყვედურობს იმის გამო, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გიორგი გახარიასთან ითანამშრომლა. მან ამ პროცესებს კოალიციაც კი უწოდა და თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გახარიასთან კავშირმა დიდი დარტყმა მიაყენა, მათ შორის ნიჰილიზმის დათესვის კუთხით.