14 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ნებისმიერ თანამშრომელს, მითუმეტეს მაღალი რანგის თანამშრომელს მოეთხოვება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დარწმუნებული ვარ USAID-ის შემთხვევაშიც ასეა - ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ USAID-ი დიდი პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოლიტიკური განცხადებით დაინტერესდება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ინგა თოდრიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ USAID​-ის მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე აკეთებს არა მარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებას, არამედ აქვს მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ, რაც შემაშფოთებელია.  

"ნებისმიერ თანამშრომელს, მითუმეტეს მაღალი რანგის თანამშრომელს მოეთხოვება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ USAID-ის შემთხვევაშიც ასეა, თუმცა ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე აკეთებს არა მარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებებს, არამედ აქვს პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ. ეს არის შემაშფოთებელი და განცხადება თავისი შინაარსით არის სკანდალური. იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დაინტერესდება ამ განცხადებით და მიიღებენ კიდეც შესაბამის ზომებს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის ამოსავალი ყოველგვარი თანამშრომლობისა, რისკენაც ის ყველას მოუწოდებს.

"ზოგადად, მათ შორის როცა არასამთავრობო სექტორთან მაქვს ხოლმე შეხვედრები თუ ზოგადად ამ საკითხზე საუბარი უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებით, ყოველთვის ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა და ხაზგასასმელია, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - ეს არის ამოსავალი ყოველგვარი თანამშრომლობისა, ამიტომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის. მოვუწოდებ ყველას, რომ იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები